პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის კანდიდატის სტატუსი არის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც სურს არა საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, არამედ საკუთარი დესტრუქციული გეგმების განსახორციელებლად

30.05.23 14:40


ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წლის ბოლოს ველით, თუმცა ვიცით, რომ ევროკომისია ერთგვარ შუალედურ მოხსენებას გააკეთებს ივნისის ბოლომდე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საკითხზე. შესაბამისად, საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დასრულება არის პრიორიტეტი და ჩვენი მიზანია ივნისის ბოლომდე საქართველომ დაასრულოს დარჩენილ საკითხებზე მუშაობა, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე.

 

მან რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა და განაცხადა, რომ რეკომენდაციების 80 პროცენტზე მეტი საქართველოს პარლამენტმა შეასრულა.

 

„დარჩენილი საკითხების შესრულება, დიდწილად დამოკიდებულია ვენეციის კომისიის უკუკავშირზე დეოლიგარქიზაცის კანონთან დაკავშირებით, ვინაიდან სწორედ ეს საკითხია მუშაობის პროცესში. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიული კომიტეტი აგრძელებს მუშაობას და იმედი გვაქვს მალე შევძლებთ საჭირო ცვლილებების განხორციელებას. და მთავარი, ის რაც ორი კვირის წინ ამ დარბაზში მოხდა არის ღია პასუხი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე, რაც შეიძლება არსებობდეს“, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის თუ რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. შესაბამისად, მარტივი ამოსაცნობია, როგორ ეთამაშებით საზოგადოების ამ განწყობას სწორედ თქვენი დესტრუქციული გეგმის სისრულეში მოსაყვანად. ამისთვის გჭირდებათ ის, რომ საქართველომ ვერ მიიღოს სტატუსი დეკემბერში და მთელი თქვენი ძალისხმევა სწორედ აქეთ არის მიმართული. რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟი სცადეთ თავიდანვე, როცა უარი თქვით სამუშაო ჯგუფებში მუშაობაზე. და ის რაც ორი კვირის წინ გააკეთეთ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას, კითხვასაც აღარ ტოვებს თქვენს გულწრფელობასთან დაკავშირებით, საქართველოს ევროპულ მომავალთან მიმართებაში. პასუხისმგებლობის სრულად მოხსნა და რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟი არის ქართული ოპოზიციის პასუხი საქართველოს შანსზე გადადგას ერთი დიდი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე.

 

„მაშინ როდესაც, ძალისხმევას არ ვიშურებთ, ყველა შესაძლო ფორმატს და პლატფორმას ვიყენებთ, რომ ჩვენი პარტნიორების ინფორმირებისთვის, თუ რა გააკეთა საქართველომ იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თქვენ მხოლოდ ქვეყნის დისკრედიტაციით ხართ დაკავებული. სამწუხაროდ, ხშირად საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებიც გეხმარებათ და საეჭვოდ უნისონში მოდის თქვენს მიზნებთან. აქვე, ორიოდე სიტყვით საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე: ნურც მარტივ ჭეშმარიტებებს გავართულებთ და ნურც რთულ მოცემულობას გავამარტივებთ ზედმეტად. მოსკოვის გადაწყვეტილებები საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობისკენ რომ არ არის მიმართული, ალბათ ამას განსაკუთრებული უნარები არ სჭირდება რომ ამოვიცნოთ. შესაბამისად, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ადარდებს, სწორადაც უნდა შეაფასოს ეს მოვლენები.

 

საქართველოს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ესეც მარტივი ჭეშმარიტებაა. რაც შეეხება მოქმედების სივრცეს, არც ისე ფართოა საქართველოსთვის. ნებისმიერი მიზეზით უარი ფრენების მიღებაზე, ნიშნავს საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედებას. რამდენადაც მიმზიდველად არ უნდა ჟღერდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული, ნაომარი და ნაბრძოლი ერისთვის ეს ნაბიჯი, საქართველო, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, დღეს ვერ დაუწესებს სანქციებს რუსეთს, თუმცა ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს საქართველოს გავლით. ეს არის რთული რეალობის მარტივი ახსნა, რომელის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება, ევროკავშირთან ღირებულებით კონფლიქტად შეფასება არის შეცდომა და მეტიც, დანაშაული“,- განაცხადა დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები