მსოფლიო

რატომ არ იმართება აქციები სომხეთში ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადებაზე

31.05.23 12:20


პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას სომხეთის მზაობაზე, გარკვეული გარანტიების მიღებით აღიაროს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად, მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა საზოგადოების პროტესტს ქუჩაში არ გადაუნაცვლია. 

 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მისი დარეგულირების მიმდინარე სიტუაცია

მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა – ჯერ კიდევ 1992 წლიდან იწარმოებოდა მოლაპარაკებები OSCE-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით. 2020 წლის აგრესიის შემდეგ, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფორმატში დიალოგის გაგრძელება აღარ სურდა. განსაკუთრებით კრიტიკული იყო საფრანგეთის პოზიციის მიმართ, რომლის პარლამენტიც ჯერ მთიანი ყარაბაღის აღიარების მოწოდებით რეზოლუციას იღებდა, მოგვიანებით კი-  2022 წლის 9 დეკემბრიდან ჩაკეტილი ლაჩინის დერფნის გახსნის მოწოდებით გამოვიდა.

 

გარდა ამისა, მინსკის ჯგუფის ფარგლებში არსებობდა ნორმატიული ბაზა, რომელშიც კონფლიქტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი – ტერიტორიულად და პოლიტიკურად. ამასთან, მთიანი ყარაბაღის აღიარების სანაცვლოდ, მისი ტერიტორიის ნაწილის გადაცემას ითვალისწინებდა, რაც აზერბაიჯანისთვის დღეს უკვე სრულიად მიუღებელია. ბაქო ყველანაირი პირობის გარეშე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღიარებას მოითხოვს. 

 

ამასთან, პირველად მსგავსი მოთხოვნა მან ჯერ კიდევ ომამდე, 2019 წლის ბოლოს წამოაყენა, როდესაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამპუნქტიანი ულტიმატუმი წარადგინა. ეს პუნქტები არ ითვალისწინებდა აზერბაიჯანის მხრიდან რაიმე დათმობებზე საუბარსაც კი.

 

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს. 

 

იმის მიუხედავად, რომ ომის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, მთიანი ყარაბაღის სტატუსის პრობლემა სამომავლოდ გადაედოთ და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პირობებში განეხილათ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტა, დრო არ დაკარგოს და მაქსიმუმი უკვე დღესვე მიიღოს, სანამ სომხეთის ხელისუფლება მეტ-ნაკლებად კეთილგანწყობილია, საერთაშორისო მდგომარეობა კი – ქაოსური.

 

რა სურს აზერბაიჯანის ხელისუფლებას:

 

ყველანაირი ავტონომიიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება; 

 

მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას. 

 

მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის დამატებითი უფლებრივი გარანტიების მიცემაზე უარი, საჯარო ულტიმატუმით, ან მიიღონ აზერბაჯანის მოქალაქეობა, ან დატოვონ მთიანი ყარაბაღი. 

 

2020 წელს დეპორტირებული ჰადრუთის, შუშის და სხვა ტერიტორიების მოსახლეობის მსგავსად, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკვე საუბარია მოსახლეობის სრულ “ევაკუაციაზე”. 

 

სომხეთის მიმართ მოთხოვნები შეეხება 1990 წლებიდან დაწყებულ სადავო სასაზღვრო საკითხების დარეგულირებას აზერბაიჯანის სასარგებლოდ; ექსტერიტორიული “ზანგეზურის კორიდორის” შექმნას, აზერბაიჯანული თემების აღორძინებას საკუთარი თვითმმართველობითა და პოლიციით, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის დემილიტარიაციას. 

 

ფაშინიანის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, აზერბაიჯანის ყველა მოთხოვნაზე თანახმაა ან- თითქმის ყველაფერზე, თუმცა “ზანგეზურის დერეფნის” შესახებ პუნქტი მაინც მის უკმაყოფილებას იწვევს.

 

ასევე, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებების დაცვის გარანტიებისთვის მოითხოვს ევროპული მისიის განთავსებას. გამოცდილებიდან გამომდინარე, ნაკლებსავარაუდოა, რომ ფაშინიანმა სასურველს მიაღწიოს, რადგანაც ალიევმა შეძლო, 2021 წელს წამოყენებული 5 მოთხოვნა ძალაში დაეტოვებინა, ფაშინიანის საპასუხო 6 მოთხოვნა კი ჰაერში გამოკიდებული დარჩა. 

 

სომხეთის შიდა პოლიტიკა და ყარაბაღის საკითხი

როგორც ცნობილია, 1998 წელს ლევონ ტერ-პეტროსიანი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა მისი პოლიტიკის მიმართ მასობრივი უკმაყოფილების გამო, რაც მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დათმობის მზაობაში გამოიხატებოდა. ასევე, ამას ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების დიდი ნაწილი.

 

სომხეთში ყარაბაღის საკითხზე საზოგადოებრივი კონსესუსის გათვალისწინებით ბევრი იყო დარწმუნებული იმაში, რომ ხელისუფლება, რომელიც მსგავს ნაბიჯს გადადგამდა,  ვერ შეინარჩუნებდა ძალაუფლებას. 

 

2020 წლის ნოემბერში, ფაშინიანის მიერ ტერიტორიების დიდი ნაწილის დათმობის შემდეგ, სომხეთში “ტურბულენტობა” დაიწყო. საპროტესტო აქციები ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ნახევარი წლის განმავლობაში და შემდეგაც, 2022 წლამდე პერიოდულად იმართებოდა. 

 

თუმცა 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ფაშინიანს გარკვეული ლეგიტიმაცია მოუტანა. მისმა პარტიამ ხმების 54% მოიპოვა, რითაც ფაშინიანმა ძალაუფლება შეინარჩუნა.

 

არჩევნების შედეგების ინტერპრეტირება სხვადასხვანაირად მოხდა. მაგალითად, ბევრი რუსი ექსპერტი აცხადებდა, რომ სომხეთის საზოგადოებამ მისაღებად მიიჩნია ფაშინიანის პოზიცია და მთიანი ყარაბაღის დიდი ტერიტორიების დათმობას დათანხმდა. დასავლელი ექსპერტები კი მიიჩნევდნენ, რომ სომხეთს სტაბილიზაციისთვის და დემოკრატიული პროცესის გასაგრძელებლად არჩევნები მნიშვნელოვანია. 

 

თუმცა მაშინ სომხეთში ყველაზე დიდი აქცენტი არჩევნების შიდაპოლიტიკურ ხასიათზე გაკეთდა, როდესაც ადამიანები, რეალურად ფაშინიანის მხარდაჭერით, უარს ამბოდნენ რობერტ ქოჩარიანის მხარდაჭერაზე. საგარეო პოლიტიკის საკითხები კი საარჩევნო კამპანიის დროს თითქმის არ მოხვედრილა ყურადღების ცენტრში.

 

გარდა ამისა, ფაშინიანის წინაასაარჩევნო პროგრამაში ყარაბაღის საკითხი სულ სხვა რაკურსით იყო წარმოჩენილი. მაშინ ფაშინიანი საუბრობდა დამოუკიდებელი ყარაბაღის სტატუსზე, სომეხი ლტოლვილების დაბრუნებაზე და ეფექტური მშვიდობის მიღწევაზე. 

 

ამიტომაც, ფაშინიანის დღევანდელი პოლიტიკის მიბმა 2021 წელს მიღებულ მანდატთან არასწორი იქნებოდა. იმის მიუხედავად, რომ ის კვლავ რჩება პოპულისტური და ქარიზმატული ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკოსად, მისი პოლიტიკა უკვე სხვაა. 

 

როგორია საზოგადოების ხედვა ფაშინიანის შესახებ დღეს? IRI-ის უკანასკნელი, 2023 წლის თებერვლის კვლევის მიხედვით, სომხეთის მოსახლეობის 36% მიიჩნევს, რომ სომხეთი სწორი გზით ვითარდება, 52% კი საწინააღმდეგოს ამბობს. ყველაზე დიდ წარუმატებლობად გამოკითხულებმა დაასახელეს ყარაბაღის პრობლემა [24%], სომხეთის საზღვრების პრობლემა [15%] და არმიის მდგომარეობა [11%].

 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფაშინიანის რეიტინგი სოფლებში, კაცებსა და პენსიონერებს შორის უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდებს, ქალებს შორის და ერევანში. 

 

იმის მიუხედავად, რომ ფაშინიანის პოლიტიკის წინააღმდეგი ბევრია, მას მაინც ჰყავს მხარდამჭერთა ბირთვი და ყარაბაღის საკითხზე საზოგადოებრივი კონსესუსიც, რომელიც არსებობდა 2020 წლის ბოლომდე, აღარ არსებობს.

 

ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და საზოგადოების რეაქცია

2021 წლის დეკემბრის ბოლოდან ფაშინიანს არაერთხელ უხსენებია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, რითაც უკვე ცხადი იყო, საითკენ მიჰყავდა პოლიტიკა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის ყველა ხელისუფლება აცხადებდა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ ყარაბაღის გარეშე აღიარებდა, ამის მოლოდინი ნაკლები იყო. ილჰამ ალიევი, რომელმაც კარგად იცოდა ეს განწყობები, 2023 წლის  მოლაპარაკებების დროს ფაშინიანისგან საჯაროდ ითხოვდა განცხადებას, ყარაბაღის ჩათვლით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ. 

 

15 მაისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ბრიუსელში ალიევსა და ფაშინიანს შორის მოლაპარაკებებისას ფაშინიანმა თანხმობა განაცხადა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღიარებაზე [86,600 კვ.კმ საბჭოთა ტერიტორიების ჩათვლით].

 

ერთი კვირის შემდეგ კი სომხეთის პარლამენტში ფაშინიანმა იგივე გაიმეორა, თუმცა დააზუსტა, რომ ეს გულისხმობს ყველანაირი ავტონომიის გარეშე ბაქოსადმი ყარაბაღის სრულ ვერტიკალურ დაქვემდებარებას. 

 

ამავე დღეს მთავრობის სახლის წინ მოედანზე რამდენიმე ასეული პოლიციელი მორიგეობდა, ასევე იდგა მრავალი ავტობუსი და სპეცტექნიკა, შესაძლო უკმაყოფილო მოქალაქეების პროტესტის შემთხვევაში მათ შესაჩერებლად. თუმცა, 2020 წლის 10 ნოემბრისგან განსხვავებით, როდესაც მოქალაქეებმა დეპუტატებს სცემეს და სახელმწიფო უწყებები დაარბიეს, ამჯერად, სპონტანურად მისული მცირერიცხოვანი აქციის გარდა [რამდენიმე ათეული ან ასეული მოქალაქე ქალაქის სხვადასხვა ნაწილში], არაფერი მომხდარა.

 

საჯარო სივრცეში საზოგადოებრივი რეაქციაც არ ყოფილა ცალსახა. ბუნებრივია, პირველი რეაქციები მთიან ყარაბაღში გაჩნდა – პრეზიდენტისა და პარლამენტის ჩათვლით, რომელთაც დაგმეს ფაშინიანის განცხადება. 

 

შემდეგ შეიქმნა რამდენიმე საზოგადოებრივი ინიციატივა, მაგალითად, ინიციატივა “გაერთიანება”, რომელმაც დაიწყო ხელმოწერების შეგროვება “ყარაბაღის სხვა ნებისმიერი სახელმწიფოს ნაწილად აღიარების აკრძალვის შესახებ” რეფერენდუმის გამართვაზე. 

 

აშშ-ის და ევროპის სომხური დიასპორების ორგანიზაციებმა ერთმანეთის მიყოლებით, 23-დან 29 მაისის ჩათვლით, განცხადებებით დაიწყეს ყარაბაღის საკითხში სომხეთის პოლიტიკის დაგმობა.

 

27 მაისს ფაშინიანის პოზიციის კრიტიკას შეუერთდა სრულიად სომხური საქველმოქმედო კავშირი (AGBU), რომელიც სომხეთის დიასპორის ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია. 28 მისს სომხეთის კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ მოუწოდა ყველა სომეხს, დაიცვან ყარაბაღის ხალხის უფლება თვითგამორკვევაზე.

 

ამგვარად, არსებობს საკმაოდ ფართო საზოგადოებრივი უკმაყოფილება, თუმცა  თან არ ახლავს მასობრივი საპროტესტო აქციები, როგორც ეს ორი წლის წინ იყო. რატომ? მიზეზი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების დაშლა, მათი დაპირისპირება და ორგანიზაციის უუნარობაა. მიზეზი, ასევე, მუდმივი წარუმატებელი ბრძოლით დაღლილი საზოგადოებაა. ალტერნატიული ლიდერები კი, რომელთაც არ გააჩნიათ არც ფინანსური და არც პოლიტიკური რესურსი, მასობრივი პროტესტისთვის ხალხს ვერ შეკრებენ.

 

ამიტომაც, ამჟამად, ქვეყანაში სიტუაცია მშვიდია. გაგრძელდება თუ არა ეს სიმშვიდე, ბევრ მოვლენაზეა დამოკიდებული. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სომხეთში მედია ძირითადად ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების კონტროლქვეშაა. 

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები