პოლიტიკა

იაგო ხვიჩია - არავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც თანამშრომლობა უნდა და არა ბატონობა - ქართველს ხალხს ვთხოვთ, ნუ დაგვტოვებენ დანარჩენი კოლეგების იმედად, მტერი იყოს მათ იმედად, ეს ხალხმა ყველაზე უკეთ იცის

07.06.23 16:00


არავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც თანამშრომლობა უნდა და არა ბატონობა, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რა განცხადებებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ლელო“ აკეთებს, საარჩევნოდ თანამშრომლობას, ამ ეტაპზე, მათთან გამორიცხავს.

 

ხვიჩია კოლეგებს სთავაზობს, თითო პარტიამ სამი საკითხი მაინც დაასახელოს, რასაც გააკეთებდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. მისი თქმით, "გირჩმა" ზუსტად იცის, რა უნდა, თუმცა, კოლეგები ვერც ერთ საკითხზე მსჯელობაში ვერ მიჰყვებიან, რადგან არ იციან, რა სურთ.

 

„ჩვენ ვცდილობდით, ყველასთან გველაპარაკა და სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთ კოლეგას არ უნდა საუბარი, თუ როგორ ქვეყანაზე ოცნებობენ, "ქართული ოცნების" შეცვლის შემდეგ. ნელ - ნელა მივდივართ იმ აზრამდე, რომ "გირჩი" იყოს დამოუკიდებლად, ცალკე და ასე მიიღოს მონაწილეობა, რასაკვირველია თუ მანამდე ჩვენი კოლეგები არ შეიცვლიან აზრს და სერიოზულად არ მიუდგებიან საქმეს.

 

ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც გვეტყვის, როგორი ქვეყანა უნდა და შესაბამისად მოიქცევა, იტყვის, რას გააკეთებს მეორე, მესამე წელს, როცა ხელისუფლებაში მოვა, მაგრამ რასაც ახლა მეუბნებიან, აგერ ვართ "ნაცმოძრაობა" და დაგეხმარებით ბარიერის გადალახვაში ან აგერ ვართ "ლელო" - ჩვენ მოგხედავთ, ასეთი ტიპის თანამშრომლობას გამოვრიცხავთ. არავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც თანამშრომლობა უნდა და არა ბატონობა, შესაბამისად, როცა ბატონობის ე.წ. თრიფიდან გამოვლენ ჩვენი კოლეგები, მერე დავსხდებით სათანამშრომლოდ, მაგრამ ამ წუთის მონაცემებით, როცა იძახიან, რომ ჩვენ გადაგალახვინებთ ბარიერს, ჩვენ მოგხედავთ, ჩვენ ვიქნებით უფროსები, ყველასთან გამოვრიცხავთ.

 

ჩვენ ქართველი ხალხის იმედი გვაქვს და გვინდა მათ ვთხოვოთ, ნუ დაგვტოვებენ დანარჩენი ჩვენი კოლეგების იმედად, მტერი იყოს მათ იმედად, ეს ქართველმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის,"- განაცხადა ხვიჩიამ.

 

ინფორმაციისთვის, პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.

 

როგორც ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, ის არ ეთანხმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

 

"ჩვენი ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ეს ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. ისეთი გაერთიანების შექმნაა გასაღები, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, ასეთი გაერთიანების შექმნაა „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები