აზერბაიჯანი ყარაბაღელ სომხებს ნორმალურ ცხოვრებას, სომხებს კი მშვიდობას  სთავაზობს

03.08.23 14:40


2023 წლის 22 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშაში ტელეარხ Euronews-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუ 2 აგვისტოს გავიდა Euronews ეთერში და მასში აზერბაიჯანის ლიდერმა საკმარისად დეტალურად აღწერა რეგიონში არსებული ვითარება და მისი ქვეყნის პოზიცია, როგორც სომხეთთან, ასევე ყარაბაღელი სომხების მიმართებაში.

 

ილჰამ ალიევის თქმით, 2020 წლის 10 ნოემბერს დეკლარაციის ხელმოწერა სინამდვილეში არ უზრუნველყოფდა მყარ მშვიდობას: „ეს არ იყო სამშვიდობო ხელშეკრულება. ეს იყო დეკლარაცია, დე ფაქტო ეს იყო სომხეთის კაპიტულაციის აქტი. ამიტომ, ჩვენ წამოვწიეთ გარკვეული ინიციატივები სომხეთის მიმართ ჩვენი კონფლიქტის საბოლოო მოგვარების გზების  მოსაძებნად. ჩვენ ეს გავაკეთეთ საჯაროდ და გამოვაცხადეთ, რომ ჩვენ ხელი უნდა მოვაწეროთ სამშვიდობო ხელშეკრულებას...“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ შეიმუშავა სამშვიდობო შეთანხმების პრინციპები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ცნობილ პრინციპებს ეფუძნება, კერძოდ: ტერიტორიების ურთიერთ აღიარება. მთლიანობა, სუვერენიტეტი, ერთმანეთის საერთაშორისო საზღვრები, საზღვრების დელიმიტაცია, ძალის ან ძალის მუქარის გამოუყენებლობა.

 

„ჩემი გზავნილი სომხეთში სომხებისადმი შემდეგია: ჩვენ გვინდა მშვიდობა მათ სახელმწიფოსთან. ჩვენ არ გვაქვს ტერიტორიული პრეტენზია სომხების მიმართ, თუმცა ომამდე სომხეთში ასობით ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა, რომელთა მიმართაც განხორციელდა სრულმასშტაბიანი ეთნიკური წმენდა, მათი კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობა მთლიანად განადგურდა. მიუხედავად ამისა, ტერიტორიული პრეტენზია არ გვაქვს. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ სომხეთიდან იძულებით დეპორტირებულ აზერბაიჯანელებს უფლება აქვთ დაბრუნდნენ იქ, როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი დაარეგულირებენ და დაამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

 

და ეს იქნება სამართლიანი. მართლაც, როგორ შეიძლება მოითხოვოს რაღაც განსაკუთრებული უფლებები და თუნდაც „სტატუსები“ ვითომ „120 ათასი ყარაბაღელი სომეხისთვის“ (რომლებიც რეალურად დარჩნენ ყარაბაღში არაუმეტეს 30 ათასი) და იგნორირება მოახდინონ ამჟამინდელი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან გაძევებული მინიმუმ 300-400 ათასი აზერბაიჯანელის და მათი შთამომავლების უფლებისა, რომ იცხოვრონ წინაპრების მიწებზე?

 

მით უფრო, თუ ეს აზერბაიჯანელები სომხეთისგან არანაირ „სტატუსს“ არ ითხოვენ. ისინი მხოლოდ მშობლიურ მიწაზე ცხოვრების შესაძლებლობას ითხოვენ.

 

ილჰამ ალიევი იმედოვნებს, რომ მის ქვეყანას შეუძლია იპოვოს მშვიდობიანი გამოსავალი და დადოს სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთთან წლის ბოლომდე, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მყოფი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და კომუნიკაციების განბლოკვის საფუძველზე.

 

  „ჩემი გზავნილი სომხეთის სომხებს: ჩვენ გვინდა მშვიდობა დავამყაროთ თქვენს სახელმწიფოსთან... კიდევ ერთი მოწოდება არის ნათლად გვესმოდეს არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია და ძალების განლაგება. ჩვენ არ გვინდა მორიგი ომი. არც დღეს და არც მომავალში“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

 

ილჰამ ალიევმა გაიხსენა, რომ სომხეთის მიერ 2020 წლის 10 ნოემბრის დეკლარაციის შესაბამისად უნდა უზრუნველყოფილიყო კავშირი აზერბაიჯანის მთავარ ტერიტორიასა და ნახიჩევანს შორის, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გააკეთა.

 

„ყარაბაღის მეორე ომის შედეგების შემდეგ, სომხეთმა ხელი მოაწერა ვალდებულებას, რომ ჩვენს ექსკლავზე - ნახიჩევანში შესვლის საშუალება გვქონოდა. ჯერჯერობით ეს არ განხორციელებულა“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

 

და ეს იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანი, სომხური მხარის წინდახედულების იმედით, დიდი ხნის განმავლობაში აძლევდა საშუალებას სომხეთს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ესარგებლა ლაჩინის გზით. მაგრამ სომხეთმა და "არცახელმა" სეპარატისტებმა აშკარად აზერბაიჯანის კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენება გადაწყვიტეს.

 

„ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ე.წ. ლაჩინის დერეფანი ფუნქციონირებდა ისევე, როგორც საოკუპაციო პერიოდში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ის რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ იყო, რაც სამმხრივ დეკლარაციაში იყო გათვალისწინებული. არანაირი მარცხი, არანაირი ჩარევა არ ყოფილა ჩვენი მხრიდან. ამასობაში ადგილზე ვითარება იცვლებოდა. მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დერეფნის კონტროლი დაიწყეს, იყო ის, რომ გასული წლის ნოემბრის დასაწყისში ყარაბაღში ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვება განახლდა. ომის შემდეგ ეს საქმიანობა შეწყდა, რადგან უკანონოა. ეს რესურსები ჩვენ გვეკუთვნის. რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ უკანონოდ გამოიყენა ჩვენი ოქროსა და სპილენძის საბადოები. ოკუპაციის დროს ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ ვერაფერს გავხდით. მაგრამ როდესაც ომი დასრულდა, აშკარა იყო, რომ ეს საქმიანობა უნდა შეჩერებულიყო და შეჩერდა კიდეც. თუმცა მუშაობა ნოემბერში განახლდა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა რუს სამშვიდობოებს მიმართეს თხოვნით, რომ მათ საბადოებზე მონიტორინგის განხორციელების საშუალება მისცენ, ენახათ, თუ რა ხდება იქ. ხომ ვნახეთ, რომ ყარაბაღიდან სომხეთში სატვირთო მანქანებით, რუსი სამშვიდობოების თანხლებით, რკინისა და ოქროს საბადოები გადაიტანეს. მათ უარი ეთქვათ წვდომაზე. ასე დაიწყეს ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა კონტროლის განხორციელება. მაგრამ, ვიმეორებ, გზა არ იყო ჩაკეტილი. ის დარჩა აბსოლუტურად ღია და მის გასწვრივ მოძრაობა თავისუფალი იყო." განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

„ლაჩინი-ხანკენდის გზაზე ვითარება შეიცვალა 23 აპრილს მას შემდეგ, რაც იქ სასაზღვრო პუნქტი დავაყენეთ. მანამდე ორ წელიწადნახევარი გვქონდა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე. ერთადერთი დაბრკოლება ის იყო, რომ სომხეთს არ სურდა ყარაბაღის ოფიციალურად აღიარება აზერბაიჯანის შემადგენლობაში. დიახ, მათ ეს გააკეთეს სიტყვიერი განცხადებებით, რაც ასევე მათი პოზიციაა. მაგრამ მათ ხელი უნდა მოაწერონ დოკუმენტს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რადგან იმედი მაქვს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთთან წარმატებით დასრულდება. იმედია ეს უახლოეს თვეებში მოხდება“. ხაზგასმით აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

„რაც შეეხება სომხებს ყარაბაღში, ისინი არ უნდა გაჰყვნენ თავიანთ ე.წ. ყარაბაღელ სომხებს უნდა ესმოდეთ, რომ აზერბაიჯანული საზოგადოების შემადგენლობაში უსაფრთხოებისა და უფლებების გარანტიით, ისინი შეძლებენ ნორმალურ ცხოვრებას... ჩვენ მათ ვთავაზობთ ნორმალურ ცხოვრებას.  მათ იციან, რომ მე სიტყვებს ჰაერზე არ ვისვრი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში.

 

„ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ყარაბაღში, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა დროებით აკონტროლებენ რუსი სამშვიდობოები, ისინი ცხოვრობენ აზერბაიჯანში. მათ უნდა აირჩიონ, იცხოვრონ აზერბაიჯანის მოქალაქეებად, როგორც ნებისმიერი სხვა ეთნიკური უმცირესობა, რომლითაც აზერბაიჯანი ასე მდიდარია, თუ წავიდნენ. ეს მათი არჩევანია. არა იმიტომ, რომ მათი წასვლა გვინდა და არა იმიტომ, რომ სომხეთი გვადანაშაულებს ორგანიზებულ ეთნიკურ წმენდაში, არა. ჩვენ ვაძლევთ მათ არჩევანს. აბა, სხვანაირად როგორ იცხოვრონ ჩვენს ტერიტორიაზე, იყვნენ ან სომხეთის მოქალაქეები კანონიერი ნებართვის გარეშე, ან ეგრეთ წოდებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ მოქალაქეები, რომელსაც არავინ ცნობს?! ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ლეგიტიმური მიდგომა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. პრაქტიკა, რომელსაც ვხედავთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, რომლებიც ასევე ებრძვიან სეპარატიზმს.

 

დღეს ვხედავთ, როგორ გაერთიანდნენ ევროპა და დასავლეთი, რათა დაეხმარონ უკრაინას სეპარატიზმთან ბრძოლაში. რატომ განიხილება ჩვენს შემთხვევაში სეპარატიზმთან ბრძოლა სხვაგვარად? “ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

ილჰამ ალიევის თქმით, ყარაბაღელ სომხებს უნდა ესმოდეთ, რომ, როგორც აზერბაიჯანული საზოგადოების ნაწილი, უზრუნველყოფილი იქნებიან უსაფრთხოებისა და უფლებების, მათ შორის საგანმანათლებლო, კულტურული, რელიგიური და მუნიციპალური გარანტიებით.

 

„რაც შეეხება ყარაბაღის სომხებს, მინდა შევახსენო, რომ მათთან იმთავითვე დავამყარეთ კონტაქტი. ძირითადად, ეს იყო კონტაქტები უბრალო ადამიანებს შორის, როცა დავიწყეთ ლაჩინის ახალი გზის მშენებლობა, რომელიც გადიოდა სომხებით დასახლებულ რამდენიმე სოფელში. მაცნობეს, რომ ჩვენს გზის მშენებლებსა და სომხურ თემს შორის დამყარდა კონტაქტები. ისინი მაშინვე თითქმის დამეგობრდნენ. თუ მშენებლობის პირველ თვეებში რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფდნენ ორივე მხარის უსაფრთხოებას, შემდეგ ისინი უბრალოდ წავიდნენ  და ადვილი იყო კომუნიკაცია რუსი სამშვიდობოების გარეშე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უბრალო ადამიანების უმეტესობას არ აქვს ასეთი სიძულვილი გულში." აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

კავკასია ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მშვიდობას. სურს კი ეს მოსკოვს? კრემლი თავიდანვე ხელოვნურად ქმნიდა სეპარატისტულ კონფლიქტებს პოსტსაბჭოთა სივრცეში „იმპერიული“ გავლენის შესანარჩუნებლად. მაგრამ ის დრო, როდესაც სეპარატისტების მეშვეობით შესაძლებელი იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტროლი, წარსულს ჩაბარდა და ამას ბევრი ავტორიტეტული გამოცემა აღნიშნავს, როგორიცაა EUReporter.

 

„ერთადერთი ზესახელმწიფო, რომლისთვისაც კონფლიქტის დასრულება (აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის) დამარცხებას და რეგიონში გავლენის ბერკეტების დაკარგვას ნიშნავს, არის რუსეთი“, - წერს ევროპული გამოცემა EUReporter. გამოცემა აღნიშნავს, რომ აღდამ-ხანკენდის გზის გადაკეტვა, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ შესთავაზა ყარაბაღის სომხების ჰუმანიტარული დახმარების გადასატანად, კრემლის პროტეჟე ვარდანიანის ინიციატივა იყო. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ კრემლს განზრახული აქვს რეგიონში დესტაბილიზაცია შეიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი ორი მხარე რეალურად მშვიდობას ეძებს“, - ხაზგასმითაა აღნიშნული სტატიაში.

 

„რეგიონში მყარი მშვიდობა ნიშნავს ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნას ენერგორესურსების მიწოდებისთვის აზერბაიჯანიდან და ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან საქონლის ტრანსპორტირებისთვის, რუსეთის გვერდის ავლით. ამით ბოლო მოეღება კრემლის ენერგეტიკულ შანტაჟს და გაიაფდება საქონლის იმპორტი ევროპაში. ევროკავშირისა და აშშ-ის აქტიური მონაწილეობა ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკების პროცესში და რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაცია მოსკოვს სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს ჩამოართმევს. ეს ასევე ხელს შეუწყობს სომხეთის მხრიდან საბოლოოდ დასავლეთისკენ გეზის შეცვლას“, - აღნიშნავს EUReporte.

 

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა, რუსეთის გასვლა ყარაბაღიდან და მის მიერ მხარდაჭერილი "არცახის" სეპარატისტული პროექტის აღმოფხვრა აუცილებლად წამოჭრის  რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და კიდევ ორი ​​სეპარატისტული პროექტის - სოხუმისა და ცხინვალის აღმოფხვრის საკითხს.  რაც უფრო მალე მოხდება ყარაბაღისა და მისი სომეხი მოსახლეობის სრული ინტეგრაცია აზერბაიჯანში, მით უფრო მალე დაიწყება ქართული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაცია.

 

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები