პოლიტიკა

ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეები მოსკოვთან შეთანხმებით – სააკაშვილი

18.09.23 14:20


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები ყოფილი მთავარ პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერაა ფორმულირებული მოსკოვთან შეთანხმებით.

 

სააკაშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძე დღესაც ჩრდილიდან მართავს პროკურატურასა და სასამართლოს.

 

„სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი. ის პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კბილაშვილმა უარი თქვა პატრონის დავალების შესრულებაზე და ჩემს წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა. ფარცხალაძემ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იკადრა. ამის შემდეგ ივანიშვილი იძულებული გახდა ის ე.წ. „ბოტასების საქმის“ გამო მოეხსნა, მაგრამ რეალურად ჩრდილიდან სწორედ ის მართავს პროკურატურასა და სასამართლოს. ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც. ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც“, – ნათქვამია სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 


ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

 

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

 

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

 

რა (არ) ვიცით ოთარ ფარცხალაძეზე
ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია — ივანიშვილი
ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

 

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

 

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

 

ნასამართლეობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

 

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

 

ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება აუდიტის სამსახურის იმდროინდელი უფროსის და ამჟამად დევნილობაში მყოფი ლაშა თორდიას ცემის ფაქტიც.

 

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები