პოლიტიკა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა  

25.09.23 17:30


აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილა. კომიტეტმა ასევე მოისმინა ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის შესახებ.

 

საკითხები სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

 

„2023 წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს. ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში გვქონდა 7.7%, ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი კი - 7,6%-ია. წლის პირველ ნახევარში გვქონდა ექსპორტის კარგი დინამიკა - ექსპორტი 19 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი და 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რვა თვეში კი ექსპორტი უკვე 4 მლრდ-ს აჭარბებს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იყო 1,8 მლრდ -ზე მეტი.

 

მნიშვნელოვნად გაზრდილია პირდაპირი ინვესტიციები. ყოველივე ეს საფუძვლად დაედო, რომ ჩვენ 2023 წლის ბიუჯეტს ვცვლით ზრდის მიმართულებით.

 

ამავდროულად გვაქვს ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება და იგი ყოველთვიურად კლებადი იქნება. წლის ბოლოსთვის ველოდებით, რომ საშუალო ინფლაცია 3%-ზე დაბალი იქნება“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

მისი თქმით, დამატებითი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში დამატებით შემოსავლებს იძლევა. შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი იზრდება 835,0 მლნ ლარით, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები ჯამში იზრდება 520,0 მლნ ლარით. ასევე გადაჭარბებაა სხვა შემოსავლების ნაწილშიც და ზრდის ეს დინამიკა ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის გაზრდის საშუალებას იძლევა.

 

ხარჯვით ნაწილში ექვსი თვის შესრულების მაჩვენებელი 99%-მდეა, რაც მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ასევე საკმაოდ კარგი დინამიკაა. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებას, საკმაოდ მაღალია შესრულების მაჩვენებელი, ექვს თვეში - 98,5%.

 

„წარმოდგენილი ცვლილებით სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 22 311,3 მლნ ლარს, რაც დამტკიცებული გეგმასთან შედარებით გაზრდილია 431,2 მლნ ლარით“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

 

მისივე განცხადებით, საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებები დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ბიუჯეტის ყველაზე დიდი ზრდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია, იზრდება ასევე განათლებისა და მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახალხო დამცველის აპარატის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დაფინანსებები.

 

მომხსენებლის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და იუსტიციის სამინისტროებს ასიგნებებში ემატება პროგრამული კოდები კრედიტის და თანადაფინანსების ნაწილში, მიმდინარე წლის 31 მარტს ხელმოწერილი საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი) პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია მიწის ადმინისტრირების სერვისების გაძლიერება და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადი დაგეგმვა, სარწყავი და სადრენაჟე მომსახურების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესება, ეროვნული ირიგაციის და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, საირიგაციო და სადრენაჟე სქემების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა ცნობად მიიღო.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები