სომეხთა მიერ არასომეხი მოსახლეობის ჟლეტის სისხლიანი ტალღები

09.12.23 20:20


მე-10 ნაწილი

 

I მსოფლიო ომის საომარ მოქმედებათა თეატრებზე, სომხები ,,დიდი წარმატებით“ ახორციელებდნენ ოსმალთა იმპერიის მუსლიმი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტასა და ძარცვა-გლეჯას. ეს ისტორიული ფაქტია, რასაც თვით გენერალი ოდიშელიძეც აღნიშნავდა. მას, როგორც კავკასიის ფრონტის ფაქტობრივ სარდალს, ცხადია მოეპოვებოდა ამ ამბების შესახებ სანდო ინფორმაციები. თავის ისტორიული ხასიათის ნაშრომში ,,საქართველოს საზღვრები” (,,Границы Грузiи“), რომელიც 1919 წელსაა დაწერილი, იგი აღნიშნავს, რომ ,,თურქთა გაჟლეტვის ხელოვნებაში სომხები უფრო დაუნდობლები, უფრო ლოგიკურები და უფრო მეთოდურები იყვნენ, ვიდრე თურქები”.

 

ამ ამბების კიდევ ერთი უშუალო თვითმხილველი, ავსტრიელი ჟურნალისტი სტეფან ეშნანი კი, წერდა: ,,თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებოდი სომეხთა მხეცობის კვალს. ტრაპიზონიდან ერზინჯანამდე და ერზინჯანიდან არზრუმამდე ყველა სოფელი განადგურებული იყო“.

 

სომხების მისამართით გენერალ ოდიშელიძის მიერ მეტად არასასიამოვნო, მძიმე და სამწუხარო ეპითეტებია გამოთქმული. უფრო მძიმე კი ის არის, რომ დაშნაკური საბრძოლო რაზმების მიერ მშვიდობინი მაჰმადიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა ასეთივე ,,წარმატებით’’ გაგრძელდა ამიერკავკასიაშიც, მათ შორის ქართველი მაჰმადიანებისა, საქართველოს იმ ისტორიულ მიწებზე, სადაც მოიყარეს თავი უკანდახეული სომხური რაზმების ნარჩენებმა.

 

1918 წლის 20 დეკემბრის გაზეთ ,,საქართველოს” ნომერში ვკითხულობთ: ,,პირველ დღეებში ტყვედ წაყვანილი 5 ჯარისკაცი სომხებს დაუხვრეტიათ”.- საარქივო დოკუმენტი გვამცნობს: ,,როდესაც მივიდნენ იმ სოფელში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები მოკლეს, ამ სოფელს ეწოდება აგარაკი, ამათ ის ორი [ქართველი] ჯარისკაცი ეპოვნათ საშინლად დამახინჯებული და მაშინვე ურმით გამოეგზავნათ ვორონცოვკაში’’.... ან კიდევ: ,,მოკლულები საშინლად დაემახინჯებინათ. რუბენისთვის რამდენიმე შტიკი ეკრათ ლაჩარ მტერს. თვალებიც შტიკით დაემახინჯებინათ. აფხაზავაც და სხვებიც უწვალებიათ და ურმებით წაუღიათ. უზუნლიარის შესავალში მარცხნივ პატარა მდინარე მოდის. მას გვერდით ორი არშინის სიმაღლეზე გზატკეცილი მიჰყვება და ეს შეურაცხოფილი გვამები ამ ღელის პირად დაეყარათ, ზევიდან ცოტა მიწა წაეყარათ და თავი მიენებებინათ... მხოლოდ ორი თვის შემდეგ ეღირსათ ქრისტიანული დასაფლავება”.

 

ეს კი, ამ ომში გმირულად დაღუპული ქართველი ოფიცრის, პორუჩიკ დავით ბარნაბიშვილის ბიოგრაფიიდან ამონარიდია: ,,გაატიტვლეს სულ მთლად და შიშველი ეგდო მინდორში ნადირთა შესაჭმელად 15 დღე. მერე კი დაასაფლავეს 9 მხედართან ერთად”.

 

ასეთივე არაადამიანური დაუნდობლობით მოქმედებდნენ სხვა სომხური რაზმებიც. ასე, მაგალითად, იმავე პერიოდის გაზეთ ,,საქართველოში” ანდრანიკ ოზანიანის ,,ყარაბაღის ბრიგადის’’ მოქმედებებზე ზანგეზურში, შემდეგს ვკითხულობთ: ,,ადერბეიჯანის მთავრობამ განჯიდან შემდეგი დეპეშა მიიღო:

“იმის შემდეგ, რაც ინგლის-საფრანგეთის დელეგაციამ ანდრანიკას წინადადება მისცა შეეწყვიტა საომარი მოქმედებები მაჰმადიანთა წინააღმდეგ, მაჰმადიანები დაენდვნენ დიდი სახელმწიფოს დელეგაციას და ჯარმა თავისი პოზიციები მიატოვა, საიდანაც სომხებს იგერიებდნენ და სახლებში გაიფანტა…

 

ამით ისარგებლა ანდრანიკამ და უბრძანა თავის ჯარს, რომელიც შესდგება ოსმალეთისა და ადგილობრივი სომხებისაგან, შეჰსეოდნენ მაჰმადიანთა სოფლებს. ბრძანებისთანავე მთელი სომხობა იარაღით ფეხზე დადგა, დაეცნენ მაჰმადიანთა სოფლებს და მხეცურად ჟლეტდნენ ხალხს განურჩევლად სქესისა და წლოვანებისა, აწვალებდნენ გვამებს, დედებს სჭრიან ძუძუებს და პირში უდებენ ბავშვებს. ორი ქალი მთლად გაატიტვლეს და ისე გაუშვეს სასაცილოს გულისთვის. 12 სოფელზე მეტი მთლად გადაწვეს. 10 ქალი სომხებმა თან წაიყვანეს. გთხოვთ განკარგულება მოახდინოთ და ჯარი გამოაგზავნოთ. ზანგეზურის ჯარის უფროსი, მელიქ-ნამაზალიევი“.

 

დეპეშა ჯებრაილიდან: ზანგეზურში სომხებმა დაქციეს თათრების 50-ზე მეტი სოფელი. მოკლულნი და დაჭრილნი ათასობით არიან. ანდრანიკი 5 ათასი კაცით ეს სამი დღეა გარშემორტყმულია ზუბახს და უნდა შუშისკენ გაიჭრას. ოსმალეთის კომენდანტი წავიდა, მაზრის უფროსი არ მოქმედებს. თავზარდაცემული მოსახლეობა სპარსეთში გარბის. მთლად გაანადგურეს მეხუთე საბოქაულოს ყველა სოფელი. ასე დააქციეს მეორე, მესამე და მეოთხე საბოქაულოების ნაწილების სოფლები. ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ჯამილ სულთანოვი.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სოფელ ტერტერიდან 29 გიორგობისთვეს დეპეშა: სომხები დაეცნენ სოფელ გიუნცკაიას, დასწვეს იგი მთლად, გარეკეს საქონელი, წაიყვანეს მაჰმადიანი ქალები. მცხოვრებნი ილტვიან და იხიზნებიან. მაზრის უფროსი მელიქ-აბასოვი“.

 

დაბოლოს, ამონარიდი დაშნაკ მებრძოლთა საზარელი ქმედებების უშუალო თვითმხილველის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ქართული კულტურის დიდი მოამაგისა და მეცენატის, ბატონ იოსებ იმედაშვილის პუბლიკაციიდან, რომელიც სომხეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი საბრძოლო ეპიზოდის შემდგომ სიტუაციას აღწერს: ,,ქრისტეშობის თერთმეტმა კიდევ ერთხელ გაატიტვლა ადამიანის სულის სიბნელე და გამოაჩინა მისი სიმხეცე. ამ დღეს გამოჩნდა ვერაგი, უნამუსო მტრის საზიზღრობა: თოვლით გადაპენტილ ფერდობზე, მოწმენდილ დილით გენერალმა წულუკიძემ ჭოგრით გახედა ბრძოლის ველს, ფერდობს, სადაც საზარელი სურათი დაეხატა, სურათი, რომლის მსგავსი არც ერთ ომში არ შეხვედრია - ეს იყო აქა-იქ დაყრილი ნათრევ-ნაწამები გვამები მეომართა...

 

გენერალმა თვალთ არ დაუჯერა და პორუჩიკი კორძაია გაგზავნა, რომ ყოველივე ეს შეემოწმებინა. პორუჩიკმა კორძაიამ დაჰხედა და რა ნახა - ღამით სომხებს დაეტიტვლებინათ და შეეპილწათ მუხანათურ თავდასხმაში დახოცილი ქართველი ოფიცერ ჯარისკაცნი. აგერა ტიტლიკანა მეომარი, რომელსაც სასირცხო ასო მოჭრილი აქვს და პირში სჩრია. აგერ ლერწამ-ტანის ვაჟკაცი ახალად წვერ-ულვაშ აკოკრებული, ქოჩორ-გადავარცხნილი, ბაგეზე ღიმ-გაუქრობელი, - ვინ იცის რა წუთებში აღმოხდა სული, მკვდრად გაპობილია, ეტყობა უკვე გაციებულისათვის დაუციათ ხანჯალი. აგერ ჩასხმული ბიჭი, ვეფხვს რომ ჰგავს, კეფაგახეთქილი, მკლავებ-შემოკაწრული, სახსრებში გადაღრღნილი. აგერ ცხვირ-მოჭრილები, მთლად გატიტვლებულნი. აგერ შუბით თვალებჩათხრილნი, აგერ ასო-ასო აკუწული... და ყოველივე ეს მოიმოქმედა ადამიანის ხელმა, - სომეხთა მეწინავე ჯარმა, ბრბოს სახელით მონათლულმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სომხის ცნობილი და რევოლუციონერებად წოდებულნი ბელადნი...’’.

 

 ეს საშინელებებით აღსავსე სტრიქონები ტყუილად არ მოგვიტანია. იგი არ ითვალისწინებს ზოგადად სომეხი ხალხისადმი სიძულვილისა და ზიზღის გაღვივებას, მაგრამ მოყვანილი დოკუმენტური მასალები კიდევ ერთი დიდი გაფრთხილებაა იმის შესახებ, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ცრუ იდეალებითა და მიზნებით დაბინდული ადამიანის გონება.

 

ყოველივე ზემოთქმული ცალსახად ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს სომხეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში გაერთიანებული ყველა სამხედრო ნაწილი და ქვედანაყოფი მოროდიორობით, ძარცვა-გლეჯითა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტით იყო დაკავებული. რა თქმა უნდა, არა. სომხეთის არმიაშიც არსებობდნენ ისეთი ნაწილები, რომლებიც მართლაც წარმოადგენდნენ ორგანიზებულ და ბრძოლისუნარიან სამხედრო ერთეულებს. ეს პირველ რიგში სომეხთა მე-2 მსროლელი დივიზიის პოლკებს შეეხებათ, რომელსაც გენერალი მოვსეს სილიკოვი (სილიკიანი) მეთაურობდა. (მოსე (მოვსეს) სილიკოვი არ არის წარმოშობით ჰაი, იგი ეთნიკური უდინია წარმოშობით ელიზავეტპოლის პროვინციის სოფელ ვართაშენიდან (ახლანდელი ქალაქი ოღუზი) - რედ.)

 

ფაქტია, რომ ოსმალური შენაერთების ძლევამოსილ წინსვლას ერევნის მიმართულებით, სწორედ ამ დივიზიის ნაწილები აღუდგნენ წინ და წარმატებული საბრძოლო მოქმედებებით ყოფილი გუბერნიის ცენტრიც შეინარჩუნეს. სწორედ მაშინ, როცა გენერლები ნაზარბეგოვი და ანდრანიკი უიმედოდ იხევდნენ უკან, გენერალი სილიკოვი თავის წილ ბრძოლებს აწარმოებდა ერევნის რაიონში. 15 მაისს სილიკოვი, რომლის ძალებიც 6000-დან 7000-მდე კაცს შეადგენდა (მე-5 და მე-6 მსროლელი პოლკები, მე-4 პოლკის ერთი ბატალიონი, მოხალისეთა ვანის 1-ლი და მე-2 პოლკები, ერთი საკავალერიო პოლკი და 28 ქვემეხი), წარმატებულად აღუდგა წინ თურქთა აგრესიას.  სწორედ მე-2 მსროლელი დივიზიის მე-5, მე-6 და ნაწილობრივ მე-4 პოლკები წარმოადგენდნენ სომხეთის შეიარაღებული ძალების ყველაზე ორგანიზებულ და ბრძოლისუნარიან სამხედრო ნაწილებს და სწორედ ამ დივიზიის ნაწილები აღმოჩნდნენ ჩართულნი სომხეთ-საქართველოს ომში 1918 წლის ოქტომბრიდან.

 

ზემოთ წარმოდგენილი მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ დაშნაკთა ე.წ. ,,საბრძოლო რაზმები’’, ფაქტობრივად კი, სადამსჯელო-ტერორისტული ბანდები, სომეხ და პროსომეხ ავტორთა მიერ ,,სომხურ პოლკებად’’ მონათლული, რეალურად ოსმალეთისა და ამიერკავკასიის მშვიდობიანი მუსლიმი მოსახლეობის ჟლეტით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო მათი ქცევა საომარ მოქმედებათა რაიონებში, ცალსახად მეტყველებს მათ მხედრულ სულისკვეთებასა და მორალურ სახეზე.

 

ამ თვალსაზრისით, ისიც უნდა ითქვას, რომ არც ქართულ შეიარაღებულ ძალებში იყო სანიმუშო მდგომარეობა. თუმცა, საბრძოლო სულისკვეთების საერთო მაჩვენებლის მხრივ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთელ სტრუქტურას, როგორც რეგულარულ ჯარს, ასევე სახალხო გვარდიასა და მოხალისეთა რაზმებს, დიდი უპირატესობა გააჩნდა სომხებთან შედარებით, რამაც დიდი როლი ითამაშა სომხეთ-საქართველოს ომის საერთო მსვლელობაზე.

 

მითები „სომხური ავიაციისა“ და სომხეთის „საზღვაო ფლოტის“ შესახებ

1918 წლის ზაფხულისათვის აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დასამხობად ბაქოს ბოლშევიკურ-დაშნაკური დიქტატურის ჯარების, ფაქტობრივად კი სომხური ნაციონალური კორპუსის აღმოსავლეთის დაჯგუფების დიდი შეტევითი ოპერაცია დაიწყო განჯისაკენ. სტეფანე შაუმიანის მოთხოვნის საფუძველზე, აგრესიის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერისათვის ლენინის პირადი ბრძანებით ასტრახანიდან ბაქოში გაიგზავნა: ,,80 ქვემეხი, 160 ტყვიამფრქვევი, 10000 შაშხანა, 200000 ვაზნა და სამოსი. 20 ივნისს ბაქოში ჩამოვიდა 4 ჯავშნოსანი და 13 თვითმფრინავი...“.

 

დიახ, ლენინის მიერ ,,ბაქოს ბოლშევიკური კომუნისათვის’’ გაგზავნილ ამ რუსულ თვითმფრინავებსა და ჯავშნოსან მატარებლებზეა საუბარი სწორედ ზემოთ მოყვანილ ციტატაში, რითაც სომეხმა ავტორებმა მოხერხებულად ისარგებლეს და ეს ტექნიკა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების კუთვნილებად მონათლეს უმალ.

 

არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ სასურველის რეალობად წარმოჩენის სურვილი ერთობ დამახასიათებელი შტრიხია სომეხი და პროსომეხი ავტორებისათვის. თავისი მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ისინი არაფერს დაგიდევენ და დაუჯერებელ ამბებსაც თხზავენ. ცხადია, არავითარი სომხური კორპუსის ჯავშანმატარებლები და არავითარი სომხური სამხედრო ავიაცია იმ დროისათვის არ არსებობდა.

 

ასეთი ლოგიკით, ბაქოს დაშნაკური ბოლშევიკური და დაშნაკურ-ესერული დიქტატორული ალიანსების კონტროლქვეშ არსებული კასპიის ზღვის მთელი ფლოტიც სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილებად შეიძლება იქნას მიჩნეული. კიდევ კარგი, ,,სომხური ავიაციისაგან’’ განსხვავებით, აქ სომეხი ავტორები ზომიერების გრძნობას ვეღარ ღალატობენ, მეტად კომიკურ სიტუაციაში არ იგდებენ თავს და ,,სომხეთის სამხედრო-საზღვაო ძალებსა და სომხეთის ფლოტებსა თუ ფლოტილიებზე’’ არ საუბრობენ.

 

სომხეთ-საქართველო და მათი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეები 1918 წელს

 

ზოგადად, მოკავშირისა და მოკავშირეობის პრობლემა, ხელსაყრელი სტრატეგიული პარტნიორის სწორად განსაზღვრა და შერჩევა ყოველთვის წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს საკითხს ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორად გადაჭრილი ეს ამოცანა ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობდა ამა თუ იმ სახელმწიფოს შემდგომ ბედსა და მომავალზე. და პირიქით, გაუთვლელ გადაწყვეტილებებსა და სტრატეგიულ შეცდომებს არაერთი სახელმწიფოსა თუ ერის ყოფნა-არყოფნის საკითხზე უთამაშია გადამწყვეტი როლი.

 

პატარა სახელმწიფოებისათვის კი, ეს საკითხი ყოველთვის ორმაგად საპასუხისმგებლო პრობლემას წარმოადგენდა. ამ თვალსაზრისით, საქართველოსა და სომხეთთან მიმართებაში, სტრატეგიული პარტნიორის შერჩევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა ოდითგან, როგორც ევროპა-აზიის გზაშესაყარი და აზიის მუსლიმური სამყაროს ბუფერი დანარჩენ სამყაროსთან.

 

დიდმა პოლიტიკამ ისე ინება, რომ სომხეთი და საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ფაქტიურად ერთმანეთს დაპირისპირებულ ბანაკებში აღმოჩნდნენ ჩართულები. ,,დიადი არმენიის’’ დაშნაკმა აპოლოგეტებმა ანტანტის - ანტიკაიზერული და ანტიოსმალური ალიანსის მხარე დაიჭირეს, ხოლო საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ, გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებითი პროგერმანული კურსი დაიკავა.

 

სომეხთა მიერ პროანტანტური კურსის არჩევა თავისთავად გულისხმობდა პროცარისტულ კურსსაც, რაც თავის მხრივ ,,სამხრეთ რუსეთის უმაღლეს მმართველთან“, გენერალ ანტონ დენიკინთან მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური კონტაქტების დამყარებას ითვალისწინებდა, ხოლო ქართველთათვის ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ გერმანელები აღმოჩნდნენ რეალური მოკავშირეების როლში. ამ საკითხთან დაკავშირებით, თანამედროვე რუსი ავტორი, ალექსეი ბეზუგოლნი, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის სამხედრო ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ძალიან მოკლედ და გასაგებად აღნიშნავს, რომ ,,ქართველებმა პროგერმანული პოზიცია აირჩიეს, სომხებმა - პროინგლისური, ხოლო აზერბაიჯანელებმა - პროთურქული“. ეს დღესავით ნათელი და უეჭველი ფაქტია.

 

 

ბრიტანელების ამიერკავკასიაში შემოსვლასთან დაკავშირებით გარკვეული ოპტიმისტური მოლოდინები ზოგიერთ ქართველ პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწესაც გაუჩნდა. ასეთი განწყობები განსაკუთრებით ამ უკანასკნელთ ჰქონდათ. მათი ოპტიმიზმის საფუძველს ორი ფაქტორი განაპირობებდა:

 

1. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასაც და დიდ ბრიტანეთსაც ერთი და იგივე მტერი - ბოლშევიკური რუსეთი ჰყავდა;

 

2. ის რეალობა, რომ I მსოფლიო ომში ბრიტანელთა მოკავშირე რუსეთის არმიის შემადგენლობაში უამრავი ქართველი გენერალი და ოფიცერი იბრძოდა.

 

სწორედ ამით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ქართველი გენერალიტეტის ერთ-ერთ ბრწყინვალე წარმომადგენელს, ე.წ. ,,კავკასიის ველური დივიზიისა” და ,,მუსულმანური საარმიო კორპუსის“ ერთ-ერთ მეთაურს, გენერალ ლევან (ლენკო) მაღალაშვილს საკმაოდ რეალურად ესახებოდა მძლავრი ქართული შენაერთის შექმნა ბრიტანელთა პატრონაჟით.

 

არჩილ ჩაჩხიანის წიგნიდან „სომხეთ-საქართველოს ომი“

 

გაგრძელება იქნება

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები