პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

22.02.24 12:13


ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

„ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს. ჩვენთვის, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, არაღიარების პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და აღნიშნულის მისაღწევად ამ სახელმწიფოების პარტნიორობა და მხარდაჭერა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ირაკლი ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრთან ერთად ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტის შედეგები შეაფასა და ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„იყო საუბარი, რომ ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ, გვჭირდება უფრო მეტი გადაწყვეტილება და რეფორმა. ამ რეფორმებში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. რა თქმა უნდა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ნაწილში გვაქვს ნატოს წევრი სახელმწიფოების იმედი, ხოლო ევროინტეგრაციის ნაწილში - ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმედი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციაზე, საქართველო, პრაქტიკულად, დღეს იყენებს ორივე ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც ხელმისაწვდომია უკვე წევრი სახელმწიფოებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ალიანსის წევრი სახელმწიფოები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად და დადებითად აფასებენ საქართველოს მიერ რეფორმების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს.

 

„ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან გვაქვს მაღალი დონის თანამშრომლობა, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები. ალიანსის წევრი სახელმწიფოები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად და დადებითად აფასებენ ამ შედეგებს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

მან განსაკუთრებით აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება, ასევე ალიანსთან თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები და ინსტრუმენტები.

 

ვიცე-პრემიერმა პოზიტიურად შეაფასა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდია სხდომა ასეთ მაღალ დონეზე არ ჩატარებულა.

 

„ძალიან პოზიტიური განწყობა იყო ამ შეხვედრაზე. აბსოლუტურად ყველამ ხაზი გაუსვა დადებით დინამიკას, რომელიც არსებობს ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით. საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალება მოგვცა ჩვენი თანხვედრისა და ინტეგრაციის პროცესები ძალიან მაღალ დონეზე აგვეწია. ძალიან პოზიტიურად და დადებითად შეიძლება შეფასდეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები