პოლიტიკა

ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს რამდენიმე საკითხს, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია თავს არიდებს და იჩენს საკმაოდ დესტრუქციულ მიდგომებს

05.04.24 13:42


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს რამდენიმე საკითხს, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია თავს არიდებს და იჩენს საკმაოდ დესტრუქციულ მიდგომებს.

 

„ეს იქნება ექვსპუნქტიანი შეთანხმების შერულება და მისი ძირითადი პუნქტები – ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, საუბარი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებზე და დევნილების დაბრუნება. სამწუხაროდ, ყველა ამ საკითხზე საუბარს რუსეთის ფედერაცია თავს არიდებს და იჩენს საკმაოდ დესტრუქციულ მიდგომებს. რომ გითხრათ, რომ მე-60 რაუნდზე ამის გამოსწორების მოლოდინი გვაქვს, არა.

 

ასევე, არის საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული საკითხები. გვაქვს ჰუმანიტარული ფონი. სამწუხაროდ, გრძელდება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, რომლის მთავარი მსხვერპლიც, პირველ რიგში, არიან ეთნიკური ქართველები, თუმცა არა მხოლოდ ისინი. ყველა სხვადასხვა გამოვლინებაში გამოიხატება ეს, იქნება ეს უკანონო ბორდერიზაცია, დაკავებები, რომელსაც გასულ წელს, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობები მოჰყვა, ასევე, სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, სია დიდია. ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებრივი საკითხები გამოყენებულია პოლიტიკური ზეწოლისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იქ მცხოვრებ ადამიანებს იყენებენ როგორც მძევლებს, რათა მოახდინონ ზეწოლა ქართულ მხარეზე. ეს ყველაფერი ცალსახად მიუღებელია“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

 

ამასთან, მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც პარტნიორები საქართველოს უცხადებენ.

 

„მათი განცხადებები და მიდგომა აღნიშნულ პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები