პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ვეტოს დადებით ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში არ შევიდოდი, არა და არასოდეს

15.05.24 11:16


მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ვეტოს დადებით ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში არ შევიდოდი, არა და არასოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

სალომე ზურაბიშვილმა ოთხი ქვეყნის წარმომადგენელს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას, რომლის ინიციატივით განხორციელდა ოთხი ნორდიკული ქვეყნის, ჩვენი ოთხი მეგობრის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი ვიზიტი საქართველოში. საქართველოს ევროპული მომავლისთვის მათი ჩამოსვლა არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი და მხარდაჭერა, რისთვისაც მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც გარეთ იდგა ამდენი დღე. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა მძიმე არის ის წერტილი, რაც დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით 84 ადამიანის მიერ; მძიმე წერტილი ხელისუფლების განაცხადისთვის, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით; ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც მეგობრების რჩევები, არც არავისი გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა. ეს არის გზა, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა, რომ საქართველო, რომელიც იდგა მყარად შუა გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, ამ შუა გზიდან, სერიოზული გზიდან ყოფილიყო გადაყვანილი და დაბრუნებული წარსულში. ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ უპასუხა, პრაქტიკულად, 30 დღის განმავლობაში ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით.

 

ეს ამტკიცებს იმას, რომ ციფრები, რომლებზეც ყველანი ვსაუბრობდით, რომ ჩვენი საზოგადოების 80 თუ 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, არ იყო მხოლოდ ციფრები, ეს არის რეალობა, რასაც ვუყურებთ ყოველდღიურად ქუჩებში და რითიც ნამდვილად შეგვიძლია, ყველამ ვიამაყოთ. ეს არის ასევე მტკიცებულება, რომ საზოგადოება ნამდვილად დგას იმ ღირებულებებზე, რომლებიც არის ევროპული ღირებულებები – დემოკრატიულობა, თავისუფლება. ევროპული ღირებულება ყოველთვის იყო ის, რისთვისაც საქართველო იბრძოდა, ანუ დამოუკიდებლობა, და საზოგადოება ამ ღირებულებებით, შემართებით არასდროს დაუბრუნდება რუსულ წნეხს.

 

ასევე, ვისაუბრეთ, რა არის ახლა შემდეგი ნაბიჯები. მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს გარკვევით ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს, რადგან არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის დღეს ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ჩვენი მეგობრებისგან ეს გზავნილი მიტანილი იქნება ყველგან, სადაც საჭიროა, რათა არავინ იფიქროს, რომ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენო იმისთვის, რომ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. დღეს ეს საკითხი არ დგას, საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ, 15 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 მაისს განაცხადა, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს: „ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს“.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები