პოლიტიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს

15.05.24 12:11


ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს, ეს პრაქტიკულ ნაბიჯებს მოითხოვს, რომ ქვეყნის სამართლებრივი, მართლმსაჯულების და სხვა სისტემები ევროპულ სტანდარტებს მოერგოს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ თბილისში, ევროპელ კოლეგებთან და საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„მოხარული ვარ, რომ ისევ აქ ვარ. ჩვენ აქ, როგორც მეგობრები, როგორც საქართველოს უახლოესი მეგობრები ვართ და არა იმისთვის, რომ თქვენი შიდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი გავხდეთ, მსურს ეს ძალიან მკაფიოდ ვთქვა. იმის გამო, რომ საქართველოს ევროპული და ნატო-ს მისწრაფებები კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, იმის გამო, რომ ქართველების 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ჩვენ, ბალტიის ქვეყნებმა საქართველოს ამ მიზნების მხარდასაჭერად ევროკავშირისა და ნატო-ს მაგიდაზე ფინანსური, პოლიტიკური და სხვა სახის კაპიტალის ინვესტიცია მოვახდინეთ.

 

მსურს ცხადად დავაფიქსირო, რომ ეს ინტერესი დარჩება და ჩვენ საქართველოს ევროპის ნაწილად ვხედავთ. მისი ევროპული გზა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც უკრაინის, ალბანეთისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების. ამავდროულად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატავთ შეშფოთებებს, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია. ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს, ეს პრაქტიკულ ნაბიჯებს მოითხოვს, რომ ქვეყნის სამართლებრივი, მართლმსაჯულების და სხვა სისტემები ევროპულ სტანდარტებს მოერგოს. ეს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა არ არის, ეს ევროპული სტანდარტებია, რომლებიც ჩვენ ყველამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უნდა შევასრულოთ. ასე რომ, ეს საქართველოს საწინააღმდეგო არ არის, ეს ჩვენ ყველამ გავაკეთეთ და მისი შესრულება ყველა კანდიდატ სახელმწიფოს მოეთხოვება. ამ მხრივ, რთულია იმის გაგება, თუ რატომ უნდა ყოფილიყო მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ახლა. ჩვენ ვეტოს შესახებ მესიჯი მოვისმინეთ და ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად იგი იმის სრული გადახედვისთვის იქნება გამოყენებული, თუ რას მოითხოვს ევროკავშირის წევრობა. ასე რომ, ჩვენი დღევანდელი გზავნილი ეს არის. არის სხვა კანონპროექტებიც, რომელთა შესახებაც შეშფოთებას გამოვხატავთ, ასევე, ის თუ როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს, მშვიდობიანი შეკრების უფლება ყველა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს.

 

ასე რომ, ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი, მეგობრების, რომლებიც საქართველოს მომავლით დაინტერესებულები არიან, მაგრამ ასევე, გვსურს ნათლად ვთქვათ, რომ არსებობს პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას“, - განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.

 

ipn.ge

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები