პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება

17.05.24 15:11


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება“.

 

როგორც უწყება „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ განცხადებაში განმარტავს, კონკრეტული მედიის მიერ ნახსენები ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და „აუცილებლად ჩატარდება გარკვეული დროის შემდეგ“.

 

„ყოველწლიურად საქართველოს დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ, ერთიანი სამთავრობო კონცეფციის შესაბამისად, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნავენ ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს. როგორც წესი, ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა უშუალოდ სადღესასწაულო თარიღზე ვერ ხერხდება და ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა მსოფლიოში - როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შემთხვევაში, ასევე საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. განსაკუთრებით, ეს ეხება საელჩოს სახელით გამართულ მიღებას, რომლის დროსაც გასათვალისწინებელია მრავალი სხვადასხვა ფაქტორი. შესაბამისად, ყოველ წელს, საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, მიღების გამართვა არ ხდება ზუსტად 26 მაისს. წელსაც, 70-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 30-მდე საელჩოს დაგეგმილი აქვს მიღების გამართვა მაისის მეორე ნახევარში/ივნისის დასაწყისში, ნაწილს ივნისის შუა რიცხვებში, ზოგიერთს - ივნისის ბოლოსაც კი. ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება. სიუჟეტში ნახსენები ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და აუცილებლად ჩატარდება გარკვეული დროის შემდეგ“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები