პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე - ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველასთან მივაო“

07.06.24 13:37


ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები, ყველას მიუვა აუცილებლად და ამ ყველაფერს საკუთარ ტყავზე იგრძნობენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, სამოგზაურო ვიზის გაუქმება მხოლოდ დასაწყისია და წინ სხვა ქმედებებიც იქნება.

 

„რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ დააყოვნებდა, რადგან „ქართული ოცნება“ დღესაც ამბობს, რომ ამერიკა მტერია. თუ შენს სტრატეგიულ პარტნიორს მტრად თვლი, ამას ჰქვია სარკისებრი ასახვა, ამერიკამ სარკისებრად უპასუხა იმ ხალხს, ვინც მტრად თვლის, სამოგზაურო ვიზა გაუუქმა, ეს დასაწყისია, ეს მხოლოდ ერთადერთი ქმედება არ არის, ამის იქითაც იქნება სხვა ქმედებები. მთავარია, ახლა საქართველოსგან რუსული რეჟიმის გზები გაიყაროს. სანქცირებული მთავრობა რამდენი ხანიც იქნება ხელისუფლებაში, ვერანაირ სიკეთეს მოუტანს ხალხს, ვერც ინვესტიციებს შემოიტანს, ვერც სამუშაო ადგილებს შექმნის, ანუ „ქართული ოცნება“ გამზადებულია იმისთვის, რომ უნდა წავიდეს სახლში, მისი მავნებლური ქმედებებით პარტნიორი არ დარჩა რუსეთის, ირანის გარდა.

 

მოდი, დაველოდოთ მოვლენებს, ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები, ყველას მიუვა აუცილებლად და ამ ყველაფერს საკუთარ ტყავზე იგრძნობენ. რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ქვეყნისთვის კარგი არ არის. სანქცირებულ მთავრობას არავინ დაელაპარაკება, ხელს არ ჩამოართმევს... მე მაგალითად, ვამბობ, რომ ეს რეჟიმი ხალხს სიკეთეს ვერ მოუტანს და მისი დროული ჩამოშორებაა აუცილებელი.

 

ვინც თავისუფალ სამყაროსთან ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრად აცხადებს, ასეთი ქვეყნები არიან ირანი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ამ გზას გაუდგა სამწუხაროდ [საქართველო]“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

კითხვაზე, თუკი დაწესებული სანქციები ქვეყნისთვის კარგი არ არის, რატომ აგზავნიდა ოპოზიცია პარტნიორებთან წერილებს და აღნიშნულში მონაწილეობა რატომ მიიღეს, მანჯგალაძე პასუხობს რომ „დამნაშავე უნდა დაისაჯოს“.

 

„[მონაწილეობა] მივიღეთ და ყოველთვის მივიღებთ, რადგან დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ქვეყნისთვის სანქცირებული მთავრობა არ არის კარგი, 140 დღე დარჩა [არჩევნებამდე] და რაც შეიძლება, მალე გავუშვათ რეჟიმი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

ინფორმაციისთვის, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.

 

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები