საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე გამოფენას WinExpo Georgia დაესწრო

07.06.24 17:03


ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024 თბილისში დღეს გაიხსნა.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამდღიანი ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება და მასში მსოფლიოს 8 ქვეყნის 200-მდე კომპანია მონაწილეობს.

 

მათივე ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი დიდი და საშუალო კომპანიები, მცირე მარნები, ასევე ღვინის ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები.

 

ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქავამ და ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა ტიკ ატკინმა.

 

„მსგავსი გამოფენები და ღონისძიებები საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს ღვინის პოპულარიზაციისთვის, სადაც დაინტერესებულ კომპანიებს, იმპორტიორებსა და მეწარმეებს აქვთ საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა. გამოფენის მასშტაბი, მონაწილე კომპანიების და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადასტურებს გამოფენის პრესტიჟულობას და ქართული ღვინისადმი გაზრდილ ინტერესს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ღვინის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, იქმნება ღვინის მწარმოებელი ახალი კომპანიები, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო, ყოველწლიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც“, - აღნიშნა იური ნოზაძემ გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე.

 

ინფორმაციის მიხედვით, გამოფენის WinExpo Georgia 2024 ფარგლებში, რიგით მე-14 საერთაშორისო ღვინის კონკურსი Georgia International Wine Award გაიმართება - ღვინის საერთაშორისო ექსპერტები 220-მდე ღვინოს შეაფასებენ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 7 კატეგორიაში. გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა ღვინის მაგისტრი, ღვინის მწერალი (Wine Writer), ჰარპერსის, დეკანტერის და მრავალი სხვა გამოცემის ავტორი ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი).

 

გამოფენა 7-9 ივნისს, გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე იმართება.

 

ipn.ge

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები