პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივის

11.06.24 12:00


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი, სასამართლოს სარჩელით მიმართავს და ითხოვს ცილისწამებად იქნეს აღიარებული „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტი, რომელიც შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.

 

„დღეს, ჩვენ სარჩელით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ სასამართლოს მიერ ცილისწამებად იქნეს აღიარებული ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტი, რომელიც შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ ქართულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. ეს სიუჟეტი არის ნათელი მაგალითი, იმ წინასწარ დაგეგმილი ცილისწამების კამპანიისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებს „ტვ პირველი“ და კონკრეტულად გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის მიმართ“, - განაცხადა ადვოკატმა.

 

ადვოკატის განცხადებით, მათ სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომ ცილისწამებად იქნეს აღიარებული კონკრეტული სიუჟეტი და დაევალოს „ტვ პირველს“ კანონით დადგენილი წესით, თავადვე გაავრცელოს ინფორმაცია ამის შესახებ.

 

„ჩვენ სასამართლოს წარვუდგენთ სიცრუეზე და ცილისწამებაზე დაფუძნებულ ათობით სიუჟეტს, რომლებიც წლების განმავლობაში მზადდებოდა „ნოდარ მელაძის შაბათი“-ს მიერ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, კანონით დადგენილი წესით, თავად „ტვ პირველმა“ აღიაროს, რომ ეს სიუჟეტი იყო სიცრუე. საზოგადოება კარგად დაინახავს, რომ როგორც ქარხნის შეძენა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მიერ, ისე შემდგომში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ფრანგ ინვესტორთან, სრულად შეესაბამება კანონმდებლობას და რომ მთელი ეს ცილისწამების კამპანია ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის დისრკედიტაციის მცდელობას“, - აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

 

2024 წლის 6 აპრილს „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის კუთვნილ კომპანიასა და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დედოფლისწყაროს რაიონში არსებული ღვინის ქარხნის გრძელვადიან იჯარის ხელშეკრულებაზე. სიუჟეტის თანახმად, ამ ქარხნის შეძენა და შემდგომში იჯარით გაცემა შესაძლო კორუფციულ სქემებს უკავშირდებოდა, რასაც ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი აპროტესტებს და სასამართლოს საკუთარი ინტერესების დასაცავად სარჩელით მიმართავს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები