პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე - საქართველო არის და რჩება ნატო-ს ფუნდამენტურ, ყველაზე ახლო და ღირებულ საყრდენად როგორც რეგიონში, ასევე ევროატლანტიკური თვალსაზრისით

10.07.24 12:25


საქართველო სამიტებზე დღის წესრიგში დგას მაღალ დონეზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შესაძლებლობა არ გავუშვით ხელიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საშუალება, რომ შეხვედროდა თავის კოლეგებს, მინისტრებს, ისევე როგორც ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის უმაღლესი დონის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ  განაცხადა.

 

დოლიძის თქმით, საქართველო არის და რჩება ნატო-ს ყველაზე ახლო და ღირებულ საყრდენად.

 

„ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა ჩვენს რეგიონში ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან, სადაც ვისაუბრეთ ყველა თემაზე, მათ შორის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე, საქართველოს ე.წ. SNGP (საჭიროებებზე მორგებული პაკეტი) განვითარებაზე, რომელიც საქართველოზე მორგებული პროგრამაა. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკურ კონტექსტზე და ჩვენი მომავალი წევრობის თვალსაზრისითაც გვქონდა განხილული სხვადასხვა თემები. საქართველო არის და რჩება ნატო-ს ფუნდამენტურ, ყველაზე ახლო და ღირებულ საყრდენად როგორც რეგიონში, ასევე ევროატლანტიკური თვალსაზრისით. ეს როგორც ნატოელებმა, ასევე ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით. ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც. ზოგადად, ამგვარ შეხვედრებზე, როგორც ფორმალურად, ასევე არაფორმალურად, მინისტრს ეძლევა ხოლმე საშუალება, რომ გაესაუბროს თავის კოლეგებს. დღეს, მოგეხსენებათ, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი მართავს დიდ, მასშტაბურ სადილს, სადაც მიწვეულები იქნებიან პრაქტიკულად ყველა რეგიონის პარტნიორობის წევრები, მათ შორის აღმოსავლეთი იქნება, სამხრეთი თუ ნებისმიერი სხვა. ამავე დროს, მას ექნება საშუალება, რომ გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით ისაუბროს თავის კოლეგებთან, ისევე როგორც დაგეგმოს სამომავლო ნაბიჯები როგორც მრავალმხრივი, ისე ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა დოლიძემ.

 

1tv.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები