პოლიტიკა

სოზარ სუბარი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსენსუსი შეუძლებელია, რომ ვთქვათ, ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთო, ის გავა დარბაზიდან

22.06.17 18:40


„ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსენსუსი შეუძლებელია. რომ ვთქვათ, ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთო, „ნაციონალური მოძრაობა“ გავა დარბაზიდან, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

“ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსი, თუმცა როცა გყავს „ნაციონალური მოძრაობა“ დარბაზში, კონსენსუსის მიღწევა რაიმე საკითხზე, ჩემი აზრით, შეუძლებელია. რომ ვთქვათ, რომ ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ გავა დარბაზიდან - თქვენ არ უნდა დაიბრუნოთო. ამ შემთხვევაში კონსენსუსი მიღწევა არის შეუძლებელი. ინაშვილის პარტიისაც რომ გითხრათ, რომ ძალიან ღრმად მესმის, მოვიტყუები“, - განაცხადა სუბარმა.

მინისტრის თქმით, საკონსტიტუციო კომისია იყო ისეთი მრავალმხრივი, როგორიც არასდროს ყოფილა და უმრავლეს საკითხებში იყო კონსენსუსი, გარდა, რამდენიმე გამონაკლისისა.

„მაგალითად, როდესაც საქართველოში არის უამრავი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მთლაინად პროპორციულზე, ცხადია, აქ კონსენსუსი ვერ შედგება. ან კიდევ, როდესაც გარკვეული პარტიები ამბობენ, რომ მიწა უნდა მივყიდოთ ყველას იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მოისურვებენ და მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს არამოქალაქეს საქართველოს მიწა არ უნდა მიეყიდოს, აქაც კონსენსუსი ვერ შედგება. ამიტომ არის რაღაც საკითხები, რაზეც თავიდანვე უნდა შევეგუოთ, რომ კონსენსუსი შეუძლებელია“, - განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, რამდენად ექნება ლეგიტიმაცია ერთი პარტიის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, სოზარ სუბარი პასუხობს, რომ „დარბაზში არის არა ერთი, არამედ რამდენიმე პარტია, რომელიც ერთი სიით გავიდა“.

„დღეს, როდესაც დარბაზში მიდის მსჯელობა, იქ არ არის მხოლოდ „ქართული ოცნება“, იქ არის რამდენიმე პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ მოკავშირეები არიან. კარგია, თუ ყველა ვთანხმდებით ერთ რაღაცაზე, მაგრამ ყველანი ერთ რაღაცაზე რატომღაც ვერასდროს ვერ ვთანხმდებით და ეს კარგიც კია. იყო ერთი საბჭოთა კავშირი, არის ჩრდილოეთ კორეა, სადაც ყველა ერთ აზრზეა და ასეთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ქართული ისტებლიშმენტი“, - განაცხადა სუბარმა.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებას, შესაძლო რევოლუციური სცენარის განვითარების თაობაზე და აღნიშნა, რომ „არანაირი რევოლუციური პროცესი საქართველოში არ იქნება“.

„მათ აქვთ შანსი, მოიგონ არჩევნები 2020 წელს, 2024 წელს, 2028 თუ 2032 წელს ან ოდესმე, როცა ისინი გაძლიერდებიან“, - დასძინა სოზარ სუბარმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები