პოლიტიკა

ეკა ბესელია - ოპოზიციის ბოიკოტი წინასწარ გააზრებული პოლიტიკური სცენარი იყო

22.06.17 19:45


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიციის ბოიკოტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით წინასწარ გააზრებული პოლიტიკური პროცესი იყო.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობას უფლება არ აქვს, კონსტიტუციური ცვლილების მიღების პროცესი შეწყვიტოს.

„ის, რაც გუშინ დემარშის სახით მოხდა, ყველაფერი გამიზნულად გაკეთდა. რა თქმა უნდა, ეს წინასწარ გააზრებული პოლიტიკური სცენარი იყო. დებატების დროს, საპარლამენტო უმცირესობა დარბაზში დარჩა და კითხვა-პასუხის დისკუსიაში ბოლომდე მონაწილეობდა, შემდეგ განხილვიდან მათი გასვლაც პოლიტიკური სცენარის ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ ამ პროცესს ჩრდილი მიაყენონ და აჩვენონ, რომ თითქოს, საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ერთი პოლიტიკური პარტიის ქვეშ მიმდინარეობს. ეს სწორი და მართებული არ არის, რადგან საკონსტიტუციო კომისია ასეთი ფართო ჩართულობით არ მახსოვს. მესმის ის, რაც ოპონენტებს გამიზნული აქვთ ამ პროცესისთვის ჩრდილის და ზიანის მიყენების თვალსაზრისით. უფლება არ გვაქვს, კარგი კონსტიტუციის მიღებაზე უარი ვთქვათ“, - აღნიშნა ბესელიამ.

ეკე ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობოების ბოიკოტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი შენიშვნების დიდი ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტში ასახულია.

„სამოქალაქო სექტორში მტრის ხატის ძებნა არ მიყვარს და ამიტომ, ამაზე შეფასებებს არ გავაკეთებ. ეს ყველაფერი სამწუხაროა, რადგან ყველა მათგანი კომისიის და განხილვის ფარგლებში ჩართული იყო. მათი მოთხოვნისა და მოსაზრებების ძალიან დიდი ნაწილი გათვალისწინებული იყო. ის, რომ კონსენსუსის გამო ვადებთან მიმართებაში გარკვეული ცვლილება მოხდა, ბუნებრივია, რადგან კონსენსუსი გუნდის შიგნითაც გვჭირდება და გარეთაც.

სხვაგვარად შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. როცა გარედან კონკრეტული მოთხოვნების დაყენება ხდება, ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვ. შეუძლებელია, ასეთი იდეალური მოცემულობის შექნა. მათი პოზიციის თითქმის 80 პროცენტი გაზიარებულია. ის, რომ ამ პროცესში ყველამ ყველას თავისი წინადადების რეალობა სთხოვოს, ეს შეუძლებელი ამოცანაა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები