საზოგადოება

ისრაელში საქართველოდან და უკრაინიდან 79 ათასი არალეგალურად ჩასული მოქალაქეა

23.06.17 15:05


საქართველოდან და უკრაინიდან უცხოელი ტურისტების რიცხვმა, რომლებიც არალეგალურად დარჩნენ ისრაელში, აფრიკელი არალეგალების რიცხვს გადააჭარბა, იუწყება სააგენტო РИА Новости ისრაელის შსს-ზე დაყრდნობით.

ორივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, ისევე როგორც რუსეთს, ისრაელთან უვიზო რეჟიმი აქვს, რომელიც მათ მოქალაქეებს ტურისტული მიზნებისთვის ისრაელში ყოფნის უფლებას სამი თვის ვადით აძლევს.

„დღეს (ისრაელში) 39 ათასი ინფილტრანტია აფრიკიდან… და 79 ათასი ტურისტი, რომლებიც ისრაელში ჩავიდნენ და ვადაზე დიდხანს დარჩნენ, უმეტესობა — საქართველოდან და უკრაინიდანაა“, — განაცხადა ისრაელის შსს-ს მინისტრმა არიე დერიმ ქნესეტის შინაგან საქმეთა კომისიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრი ფართოდ გავრცელებულ მოვლენაზე საუბრობს, როდესაც ისრაელში ჩასული უცხოელები პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, რომლის განხილვამდეც მათი დეპორტაცია არ შეიძლება. „ავტობუსებს ასეთი „ტურისტები“ პირდაპირ სალამეს ქუჩაზე (თელ-ავივში) თავშესაფრის სათხოვნელად მიჰყავთ. როდესაც შესაბამის მოთხოვნას წარადგენენ, მისი განხილვის დასრულებამდე ჩვენ მათი დეპორტაცია არ შეგვიძლია, ეს პროცედურა კი საკმაოდ ხანგრძლივია“, — აცხადებს დერი. როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოში მუშაობენ ფირმები, რომლებიც ისრაელში დასაქმების სანაცვლოდ თანამოქალაქეებისგან 5 ათას აშშ დოლარს იღებენ და შემდეგ კი მათ თავშესაფრის სათხოვნელად აგზავნიან.

„ჩვენ საქართველოში კამპანია დავიწყეთ, რათა ადამიანებს განვუმარტოთ, რომ მათ ატყუებენ, ჩვენ ველოდებით, რომ საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები ანალოგიურ კომპანიას დაიწყებენ უკრაინაშიც“, — მინისტრის სიტყვებს ციტირებს პარლამენტის პრეს-სამსახური.

მიმდინარე წლის 17 აპრილიდან ისრაელის მთავრობა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას მომენტალურად ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფით პასუხს მიიღებენ. 2017 წლის თებერვალში ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე. შესაბამისად, რეალური მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარს ეუბნებიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები