საზოგადოება

Black Sea Arena-ზე "მეფის" საპატივცემულოდ კონცერტი გაიმართება

23.06.17 19:15


შეკვეთილში Black Sea Arena-ზე 15 აგვისტოს გაიმართება კონცერტი, რომელიც ცნობილ ქართველ მუსიკოსს, მომღერალსა და პოეტს ირაკლი ჩარკვიანს მიეძღვნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ირაკლი ჩარკვიანის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს შეასრულებენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სტეფანე მღებრიშვილი, ოთო ნემსაძე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე და გვანცა ჯაფარიძე. კონცერტზე ასევე წარსდგებიან ისეთი კოლექტივები, როგორებიცაა Soft Eject-ი, Green Room-ი, New One, რობი კუხიანიძე & Outsider-ი, LoudSpeakers-ი, Eko & Vinda Folio. კონცერტზე სცენაზე ნაჩვენები იქნება მუსიკოსის ცხოვრებისა და შემოქმედების ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც აქამდე უცნობია იყო ფართე საზოგადოებისათვის. საღამოს წამყვანი მომღერლის მამა — მწერალი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი იქნება.

საღამო სახელწოდებით "ირაკლი ჩარკვიანი. ისტორია" სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება, საღამოს ორგანიზატორებია კომპანიები Bravo Records-ი და Altervision Group-ი. კონცერტის გენერალური სპონსორი — საქართველოს ბანკი.

ირაკლი ჩარკვიანი – ალტერნატიული მუსიკის პოპულარული ქართველი შემსრულებელი, კომპოზიტორი, პოეტი და პროზაიკოსია. მისი ტალანტის თაყვანისმცემლები მას დღემდე "მეფედ" მოიხსენიებენ. მუსიკალური მოღვაწეობა ჩარკვიანმა 1976 წელს დაიწყო. 1993 წელს გერმანიაში მისი სოლო–დისკი "Svan Songs" გამოვიდა, რომელიც 1990–იანი წლებში ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. "მეფე" – რამდენიმე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორია. ირაკლი ჩარკვიანი 2006 წლის 24 თებერვალს გულის უკმარისობით გარდაიცვალა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები