საზოგადოება

საქართველოში განისაზღვრა ყველის რაობა

26.06.17 21:00


საქართველოში 1 ივლისიდან „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში" ცვლილებები ამოქმედდება, რომლის თანახმად რძის ფხვნილზე დამზადებულ პროდუქტებს ყველი აღარ შეიძლება ეწოდოს, აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლებს ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც 1 ივლისიდან ამოქმედდება.

სიახლის თანახმად, დასახელება „ყველი" შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის" გამოყენება.

ცვლილებები ასევე შეეხო კარაქს, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79% — ს შეადგენს. ამ პროდუქტის მწარმოებლებს აეკრძალებათ ეტიკეტზე სიტყვა „კარაქის" დაწერა, თუ მისი წარმოებისთვის რძის ცხიმის გარდა გამოიყენეს მცენარეული ან სხვა ცხიმი. „ცვლილების განხორციელება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბოლო პერიოდში რძის ფხვნილის გამოყენებით ყველის წარმოებამ მასიური ხასიათი მიიღო… ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ასევე კეთილსინდისიერი ბიზნესის ხელშეწყობას, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებას", — განაცხადა რძის პროდუქტების მწარმოებლებთან შეხვედრაზე ჩეკურშვილმა. რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლების მხრიდან ახალი წესების დარღვევის შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან 400 ლარით, წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევის დროს ჯარიმა 1200 ლარამდე გაიზრდება. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი" 2005 წლის აგვისტოში ამოქმედდა. ის ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის პროდუქტებისა და ყველა იმ პროდუქტთან მიმართებით, რომლებიც რძეს შეიცავს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები