საზოგადოება

ციანიდის საქმე: დეკანოზ მამალაძეს სამღვდელო ხარისხი შეუჩერდა

28.06.17 14:10


დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოძიების პერიოდში სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა, ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში.

დეკანოზ მამალაძეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად და ამჟამად ის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. „დღეს, 2017 წლის 27 ივნისს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი და აუწყა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა, მას მიეღო გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა, რომ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება“, — ნათქვამია განცხადებაში. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მისი საკითხი გადაეცემა წმინდა სინოდს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად. დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები