ეკონომიკა

რატომ შემცირდა საქართველოში საწვავის იმპორტი

12.07.17 14:00


საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა — ქვეყანაში 2017 პირველ ნახევარში 456,7 ათასი ტონა შემოიტანეს, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან დაკავშირებით.

საწვავის შემოტანა მიმდინარე წლის ივნისის თვეში შემცირდა — ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 85 ათასი ტონა შეადგინა, რაც 07%-ით ნაკლებია მაისის თვის მონაცემებთან შედარებით.

„მათ შორის, ბენზინის იმპორტმა 39 ათასი შეადგინა, დიზელის საწვავის — 46 ათასი ტონა“, — ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

იმპორტის შემცირება გამოწვეულია იმით, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ბენზინსა და დიზელის საწვავზე აქციზის მომატების მოლოდინში, იმპორტიორმა კომპანიებმა გასული წლის დეკემბერში საწვავის მარაგი შეიძინეს, რომლის მოხმარებაც ამ წელში მოხდა, განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.


2017 წლის 1 იანვრიდან ბენზინზე აქციზი 250-დან 500 ლარამდე გაიზარდა, 1 ტონა დიზელზე — 150-დან 400 ლარამდე.

ივნისში ბენზინის იმპორტის 71% რეგულარის მარკის А-91 საწვავზე მოდის, პრემიუმი А-95-ზე −28%, სუპერი А-98 საწვავზე −1%. გასულ თვეში დიზელის იმპორტის 100% ევროდიზელზე 50PPM მოდიოდა.

ბენზინზე ფასები ეცემა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში გრძელდება ბენზინსა და დიზელის საწვავზე ფასების დაწევის ტენდენცია.

„მიზეზი ისაა, რომ ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ფასები ეცემა, ლარი კი დოლარის მიმართ მყარდება და ფასების დაწევის ტენდენცია გრძელდება“, — განაცხადა მთვრალაშვილმა.


მისი სიტყვებით, ფასები არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში, რომელთა წილიც ბოლო თვეებში ძალიან გაიზარდა, ივნისში საშუალოდ 5 თეთრით დაეცა.

„ჩვენ ველით, რომ უახლოეს პერიოდში ფასები ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებშიც დაიწევს“, — აღნიშნა მთვრალაშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ქსელში საწვავის საშუალო ფასია: სუპერი — 2,24-2,35 ლარი, პრემიუმი — 2,14-2,23 ლარი, რეგულარი — 1,94-2,04, ევროდიზელი — 1, 89-2,04 ლარი, დიზელი — 1-,87-1,94 ლარი. ლარის მიმდინარე კურსი: 1 აშშ დოლარი — 2,4 ლარი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები