საზოგადოება

თბილისში შენობის ფასადის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა

13.07.17 15:45


თბილისში აღმაშენებლის გამზირზე ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის ფასადის ფრაგმენტი ჩამოინგრა, რის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა. ტერიტორია შემოსაზღვრულია.

ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. ოცი წლის გოგონა მრავალრიცხოვანი მოტეხილობებით ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკის ექიმმა შოთა გაბადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მკერდის დახურული ტრავმა აქვს, ასევე ნეკნების მოტეხილობა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ უბედური შემთხვევის მიზეზად უხარისხოდ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები დაასახელა.

„ეს არის წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული რეაბილიტირებული შენობა. ჩვენ, საზოგადოების დიდ ნაწილს გვახსოვს, რომ იმ პერიოდში განცდა გვქონდა, რომ უხარისხოდ და ნაუცბათევად კეთდებოდა ბევრი შენობის ფასადი. ალბათ ეს არის კიდეც მიზეზი", — განუცხადა ჩიკვილაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია გაუფრთხილებლობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე ან მძიმე შედეგი" დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები