საზოგადოება

Аqtusheti 2017: საქართველოში ახალი რეგიონული ფესტივალი იწყება

26.07.17 14:50


ახალი ფესტივალი Аqtusheti 2017 ("აქთუშეთი") 27 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით თუშეთში, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ომალოში ჩატარდება.

ფესტივალი ითვალისწინებს საგანმანათლებლო და კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს: სხვადასხვა თემატურ მასტერ-კლასებს, პრეზენტაციებს, კონცერტებს, სპორტულ მოვლენებს, დოღსა და სხვა.

Аqtusheti 2017-ის მონაწილე იქნებიან მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეები საქართველოდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ფესტივალის ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

"ომალოში თავს მოიყრიან ქართველი და უცხოელი მხატვრები, კერამიკოსები, ფოტოგრაფები, მუსიკოსები და სხვა ხელოვანები, რათა ადგილზე შექმნან ნამუშევრები, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა, გამოცდილება და სრულფასოვნად შეიგრძნონ თუშეთის სილამაზე", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალი გაიხსნება ლექციით თუშეთის ისტორიის შესახებ და კონცერტით, რომელშიც მონაწილეობენ რეზო კიკნაძე, ნიკოლოზ გაბაძე, დათო კიკაბიძე, ირაკლი ჭოლაძის ბენდი, ჯგუფი KID Jesus და სხვა.

ფესტივალის პროგრამაშია ბრიტანელი ეთნომუსიკოლოგისა და მუსიკოსის, ბენ უილერის (Ben Wheeler) გამოსვლა, ასევე ქართული ჯგუფებისა და შემსრულებლების — The Black Marrows, Olympic Snow, Tete Noise, ვაჟა მარი და სხვა.

ფესტივალის საგანმანათლებლო ნაწილში გაიმართება სემინარები ფოტოგრაფიასა და დრონიდან გადაღებაში, 3D ტექნოლოგიებში, გამოყენებით ხელოვნებაში, თიხის ოსტატობაში, ქართული რაგბის ისტორიაში, ასევე თუშურ დიალექტში, ორნამენტში, ფოლკლორში, მითოლოგიაში, პროზაში, პოეზიაში და სხვა.

ფესტივალის ორგანიზატორები ყველას, ვინც ფესტივალზე დასწრებას აპირებს, სთხოვენ, თან წაიღონ წიგნები ადგილობრივი ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები