საზოგადოება

შსს-ს მაშველებმა, ღამის განმავლობაში, დახმარება 8 ტურისტს აღმოუჩინეს

26.07.17 19:15


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან 19:23 საათზე შემოვიდა SOS-შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მყოფ პოლონელ ტურისტებს გზა აებნათ და დახმარებას ითხოვდნენ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ოპერატიულად დადგინდა მათი ადგილსამყოფელი და დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა, 4-კაციანი შემადგენლობით, დაუყოვნებლივ დაიწყო საძიებო სამუშაოების წარმოება.

რთული რელიეფური პირობებისა და შეზღუდული ხილვადობის მიუხედავად, პოლონეთის 2 მოქალაქეს მაშველებმა რამდენიმე საათში მიაკვლიეს. ისინი სოფლების - ჯუთასა და როშკას მოსაზღვრე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გზააბნეული 2 ტურისტის გადაყვანა უსაფრთხო ადგილზე მაშველებმა ოპერატიულად შეძლეს.

ამავე ტერიტორიის სიახლოვეს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სხვა გზააბნეულ ტურისტებსაც მიაკვლიეს (საფრანგეთის 3 და უკრაინის 3 მოქალაქე). მათ დაუყოვნებლივ გაეწიათ შესაბამისი დახმარება და მას შემდეგ, რაც უსაფრთხოდ იგრძნეს თავი, მაშველების დახმარებით, როშკაში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სამაშველო ოპერაცია 02:40 საათზე დაასრულეს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები