საზოგადოება

სპეციალისტებმა თბილისის მეტროს მოდერნიზაციის შესაძლებლობები შეაფასეს

27.07.17 18:05


ფრანგმა სპეციალისტებმა თბილისის მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის განახლების, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობები შეისწავლეს.

ფრანგული კომპანია Sistra-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია თბილისში ოთხშაბათს გაიმართა. კვლევაში წარმოდგენილია მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შემდგომი განვითარებისთვის. კვლევა აზიის განვითარების ბანკის დაკვეთით ჩატარდა.

"აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება ძალიან მნიშვნელოვანი საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც თბილისის მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას გულისხმობს.

ბოლო პერიოდში ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაციასა და, საერთოდ, მეტროსადგურების განახლებაზე. ამდენად, აღნიშნული კვლევა იქნება ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი, რომლიც მეტროს შემდგომი სწორი განვითარების დაგეგმვაში მნიშვნელოვან სამსახურს გაგვიწევს", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად დაახლოებით 289 ათას მგზავრს ემსახურება.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში, მგზავრთა რაოდენობის მიხედვით, სამარშრუტო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების შემდეგ, მას მესამე ადგილი უკავია.

მეტროპოლიტენის განახლების პროცესი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2016 წელს დაიწყო. გასულ წელს კაპიტალურად გაარემონტეს 16 ვაგონი, ხოლო ოთხი ვაგონი მთლიანად მოდერნიზებულია.

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.

თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური 2000 წელს გაიხსნა. ამჟამად თბილისში 22 მეტროსადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზი. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 56 კილომეტრია.

ამა წლის აგვისტოში იგეგმება ახალი, 23-ე სადგურის — "უნივერსიტეტის" გახსნა (საბურთალოს ხაზზე).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები