პოლიტიკა

პრემიერი ორდღიანი ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

15.06.16 14:30


საქართველოსპრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხს განიხილავს, აღნიშნულია მთავრობის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში აამოქმედებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო.

პროცესი გერმანიისა და საფრანგეთის განცხადების საფუძველზე გაჭიანურდა.

ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ის მონაცემებით, ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილების მიღება, სულ მცირე, სექტემბრამდე გადადო.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს იოჰანა ვანკას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს.

შეხვედრებზე ასევე განიხილავენ საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.

ვიზიტის დროს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო გამოსვლა ფრიდრიხ ებერტის ფონდში. ის ისაუბრებს ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

პრემიერი ასევე ეწვევა ქართულ–გერმანულ ბიზნეს–ფორუმს და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „საქართველოს ევროპული გზა".
ვიზიტი 16 ივნისს დასრულდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები