პოლიტიკა

პოლიტიკური ლიდერების ხელფასები -ბურჭულაძის ხელფასი 65 ათას ლარს შეადგენს...

15.06.16 15:20


როგორ ფინანსდებიან წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტები? ვის რა შემოსავალი აქვს და რამდენად მიზნობრივად ხარჯავს ამ შემოსავალს? როგორი ხელფასები აქვთ პოლიტიკურ ლიდერებს? რამდენს იხდიან ტელეფონის გადასახადებში, საწვავში, ან მივლინებებში? - ამის შესახებ სტატიას „პრაიმტაიმი" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციების საფუძველზე აქვეყნებს.


სტატიის თანახმად, აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებაში" ხელფასს მხოლოდ 2 ადამიანს აძლევენ - იურისტსა და ბუღალტერს, 7550-7550 ლარის ოდენობით.

ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ალასანიას პარტიის სახელფასო განაკვეთები.მისი სახელფასო ბიუჯეტი 9716 ლარია, თუმცა აქედან ალასანიას ხელფასი 4450 ლარს შეადგენს, ბუღალტერის კი - 3000-ს. უცნაურია, მაგრამ პარტიის გენერალური მიდვნის ბუკა პეტრიაშვილის ხელფასი მხოლოდ 450 ლარი აღმოჩნდა. პრესსამსახურის ხელმძღვანელი ჯამაგირად 4375 ლარს იღებს.

აღსანიშნავია, რომ ვაშაძის, ბურჭულაძისა და „გირჩის" პარტიების შესახებ მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს, ვინაიდან მათ ჯერ არ მოუწიათ დეკლარაციების შევსების ვალდებულება. „პრაიმტაიმი" ბურჭულაძის ერთგვარი ხრიკის შესახებ წერდა, თუ რას მიმართა მან სწორედ ამ მონიტორინგის თავიდან ასაცილებლად. ის ბოლო მომენტამდე ფონდად ფიქსირდებოდა. ამ ფონდში მისი ხელფასი, გამოცემის ინფორმაციით, 65 ათასი ლარი იყო. იგივე წყაროს ცნობით, მან თანხის ეს ოდენობა ჯამაგირად თავის პოლიტიკურ მოძრაობაშიც, ასევე, განსაზღვრა.

პარტიაში ამბობენ, რომ ციფრები კონფიდენციალურია და ინფორაციას არ იძლევიან. რაც შეეხება მივლინებებს, ბურჯანაძის პარტიის ქვეყნის გარეთ მივლინებებში, საკმაოდ სოლიდური თანხა დაიხარჯა. ის, ჯამში, 17 104 ლარს შეადგენს, როცა შიდა მივლინებები - სულ რაღაც 600 ლარს. ბურჯანაძემ ვენაში 8-დღიანი ვიზიტისთვის 3448 ლარი დახარჯა, სამაგიეროდ, მისი 4-დღიანი ვიზიტი რუსეთში 6828 ლარი დაჯდა.

როგორც ჩანს, მასთან ერთად იყო მივლინებაში მისი ვაჟი - ანზორ ბიწაძეც. მის სახელზეც იგივე ოდენობის სამივლინებო ხარჯი ფიქსირდება. მივლინებებისთვის სახსრების ხარჯვაში მეორე პოზიციას „ნაციონალური მოძრაობა" იკავებს. ხარჯის დიდი ნაწილი გარეთ მივლინებაზე მოდის. ბელგიაში, „ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე" ირაკლი ქავთარაძის ორდღიანი მივლინება პარტიას 2506 ლარი დაუჯდა.

2501 ლარი ორჯერ გადაიხადა პარტიამ და ორივე უკრაინაში 4 დღით სამუშაო შეხვედრის დაფინანსებაზე. ერთ შემთხვევაში იქ სერგო რატიანი გაემგზავრა, მეორეჯერ კი - მიხეილ მაჭავარიანი.

ადგილობრივი მივლინებებიც საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. მაგალითად, ირმა სტეფნაძის ორი დღით ბორჯომში გამგზავრებაზე, სულ რაღაც 351 ლარი დახარჯულა.

იმ დროს, როდესაც პეტრე ცისკარიშვილი ერთი დღით ჩავიდა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში და პარტიის ბიუჯეტს 936 ლარი გამოაკლდა.

„ლეიბორისტებმა" ამ მიმართულებით 6981 ლარი გაიღეს, თუმცა დეკლარაციაში არ იშიფრება, ვინ, როდის, სად და რა მიზნით იყო წასული. პაატა დავითაია სამი დღით იმყოფებოდა ვენაში და ეს მას 4 ათასი ლარი დაუჯდა. ირაკლი ალასანიას სამივლინებო ხარჯების მიზნობრიობად რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრა ფიქსირდება და ამისთვის პარტიის ბიუჯეტიდან 2649 ლარი გამოიყო. მივლინებები არ ჰქონია „პატრიოტთა ალიანსს" და „ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, არც „ახალ მემარჯვენეებს". „ქართულ ოცნებას" 86 საიჯარო ხელშეკრულება აქვს დადებული, მათ შორის ერთდღიანებიც. მის ასანაზღაურებლად სამი თვის განმავლობაში პარტიას 247 043 ლარი დასჭირდა. ამავდროულად, ქირას იხდის სამი ავტომობილის მომსახურებაზეც და თითოს თვეში 405 ლარს უხდის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იჯარის სახით 119 324 ლარს იხდის, რომლის მთლიანი წილი უძრავი ქონების, ანუ ოფისების ქირაზე მიდის. პარტიას ქვეყნის მასშტაბით 61 ოფისი აქვს დაქირავებული. „თავისუფალმა დემოკრატებმა" 18 ოფისში 95 907 ლარი გადაიხადეს. „პატრიოტთა ალიანსს" 38 ხელშეკრულება აქვს დადებული უძრავი ქონების იჯარაზე და ამ მიზნით 88 812 ლარი აქვს გადახდილი, თუმცა ქირას უხდის მანქანასაც - ჯამში, 5100 ლარს. ბურჯანაძის პარტიის საიჯარო ხარჯმა 77 481 ლარი შეადგინა. აღმოჩნდა, რომ აბულაძის ქუჩაძე ის 3 ათას დოლარს იხდის.

მოსკოვის გამზირზე მდებარე ოფისში - 900-ს, გლდანში - 650 დოლარს; კარტოზიას ქუჩაზე - 625 დოლარს; მეტრეველის ქუჩაზე - 687,5 დოლარს; აღმაშენებელზე - 500 დოლარს; რუსთაველზე - 500 დოლარს; გურამიშვილზე - 750 დოლარს; წნორში - 450-ს , ქუთაისში -1000 დოლარს. „ახალი მემარჯვენეები" აბაშიძიოს 16-ში, 106 კვადრატული მეტრი ფართის ოფისში თვეში 1000 ლარს იხდიან. რაც შეეხება ტრანსპორტის იჯარას, 2001 წლის „,მერსედესის" მომსახურებაში პარტია ყოველთვიურად 100 ლარს იხდის. „ლეიბორისტებს" იჯარის ხელსეკრულება ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე საოფისე ფართზე მეიჯარე შალვა ნათელაშვილთან აქვთ დადებული უსასყიდლოდ. რაც შეეხება პაატა დავითაიას, მისი ოფისი კოსტავას ქუჩაძე 2014 წლიდან 5 წლის ვადით არის აღებული. იჯარის გადასახადი არსად ფიქსირდება.

რაც შეეხება ვალებს, ყველაზე დიდი საკრედიტო დავალიანება ჩამოთვლილ პარტიებს შორის „ქართულ ოცნებას" აქვს. ეს არის თანხები, რომელიც 2012 წლიდან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით აქვს გადასახდელი პარტიას სხვადასხვა სახის მომსახურებაზე. ვალის საერთო ოდენობა 1 413 561 ლარია. „თავისუფალ დემოკრატების" დავალიანება 218 077 ლარია. მათ შორის დიდი ნაწილი იმ ადამიანებისთვის აქვთ გადასახდელი, ვინც 2012 წლის არჩევნების წინ მათ სიების დაზუსტებაში დაეხმარა. „გაერთიანებული დემოკრატების" ვალი 153 343 ლარია.

აქედან დიდი წილი შპს „ჯი-სი-ეს"-ზე მოდის, 149 342 ლარის ოდენობით, რითაც 2013 წელს პარტიამ სტიკერების დამზადება შეძლო. „ნაციონალების" ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 76 620 ლარია, ამ დროს, როცა წლის დასაწყისში ის 22 ათასით ნაკლებს - 54 585 ლარს შეადგენდა. ვალდებულებები უფიქსირდებათ 2013 წლიდან და სულ 59 მევალე ჰყავთ. „პატრიოტთა ალიანსიის" დავალიანება მოწოდებული მომსახურებიდან, სულ რაღაც 29 307 ლარს შეადგენს. „ლეიბორისტებს" ვალი არ ჰქონიათ, გარდა გადასახდელი საშემოსავლო გადასახადისა - 2 962 ლარის ოდენობით.

ზემოთ ჩამოთვლილი პარტიებიდან ამ წლის პირველ კვარტალში რეკლამისთვის სახსრები მხოლოდ ოთხმა სუბიექტმა გაიმეტა: შალვა ნათელაშვილის პარტიამ მხოლოდ 400 ლარი დახარჯა, ისიც ინტერნეტრეკლამაში. „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2500 გადაიხადა სარეკლამო ვიდეორგოლში - არა „გაზპრომს"!. „ქართულმა ოცნებამ" 7835 ლარი დახარჯა გარე რეკლამაში. ძალიან საინტერესოდ, გამოიყურება „პატრიოტთა ალიანსის" სარეკლამო ხარჯები. მისი ოდენობა 94 171 ლარს შეადგენს, აქედან 93 315 ლარი სატელევიზიო რეკლამაზე მოდის და ხელშეკრულება სრულ თანხაზე ტელეკომპანია „ობიექტივთან" არის გაფორმებული. კიდევ ერთი საინტერესო ხარჯი, რომელსაც აფიქსირებს, „პატრიოტთა ალიანსი". ის პირადი დაცვის მომსახურებაში 7200 ლარს იხდის. ამ თანხას ის ანაზღაურებს საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიღებული სახსრებით, რომელმაც სამ თვეში 60 445 ლარი შეადგინა.


წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 2818


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები