პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

15.06.16 17:30


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ექს–პრემიერ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გაასაჩივრებს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ევროპის სასამართლომ საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს ხელისუფლება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობისას ადამიანის უფლებათა რიგი კონვენციების დარღვევაში სასამართლომ საქართველოს მთავრობას მერაბიშვილისთვის 4 ათასი ევროს გადახდა დაავალდებულა.

„ჩვენ გავასაჩივრებთ, მაგალითად, იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მერაბიშვილის მონაყოლს, რომ მას ჩამოაცვეს თავზე ჯემპერი, გაიყვანეს და აჩვენეს ფარცხალაძე (საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი)“, – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ეთერში.

მერაბიშვილმა მანამდე სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ღამით ის საკნიდან გამოიყვანეს და საქართველოს იმჟამინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან წაიყვანეს, რომელმაც მუქარით სცადა მისგან ინფორმაციის მიღება ექს–პრემიერ ზურაბ ჟვანიას დაღუპვისა და ასევე მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ინციდენტი 2013 წლის 14 დეკემბერს მოხდა.

ევროპის სასამართლომ დაგმო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მერაბიშვილის განცხადების შემდეგ შესაბამისი გამოძიება არ ჩაატარა. სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–18 მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა სხვა მიზნებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული.

„ ვჩენ ჩავატარებთ გამოძიებას და დიდ პალატაზე ვიდავებთ იმაზე, რომ რეალობა ალბათ სხვა იყო და არ უნდა დაეყრდნოს სასამართლო მხოლოდ მომჩივნის განცხადებებს“, — განაცხადა თეა წულუკიანმა.

მერაბიშვილს პოლიტიკური პატიმარი მისმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ უწოდა. ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ყოველი საათი არის საქართველოში ოფიციალური პოლიტპატიმრის ყოფნა, აღნიშნა მან.

საქართველოს ყოფილი პრემიერი და ასევე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს. ის სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული: 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვაში.

ამას გარდა, სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა განსახილველად: 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე, 2005 წელს სპეცრაზმის მიერ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და ღვინის ქარხანა „აკურის“ საქმე. ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 4447


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები