საზოგადოება

თბილისში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გაიხსნება

08.08.17 22:45


თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გაჩნდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

ზაზა ფაჩულიამ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

ამ სეზონზე ფაჩულია "გოლდენ სტეიტ უორიორზის" შემადგენლობაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა და თავისი სახელი ისტორიაში ჩაწერა, როგორც პირველი ქართველისა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

„უბანში, სადაც ზაზა ფაჩულია გაიზარდა, სიმბოლურად კეთდება საკალათბურთო მოედანი.

მოედანს დიდუბის გამგეობა კომპანია „გალფთან“ ერთად გააკეთებს. ერთი მხრივ, ამ ადგილს ახალი სპორტული მოედანი შეემატება, მეორე მხრივ კი ეს გახდება მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის, ისევე ივარჯიშონ და მოემზადონ, როგორც თავის დროზე ზაზა ფაჩულია ემზადებოდა და ასევე ასახელონ ჩვენი ქვეყანა“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.

ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი 2018 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ქვეყნის საერთაშორისო არენაზე წარდგენისა და საქართველოს პოპულარიზებისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ღირსების ორდენი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც 1992 წლის დეკემბერში დაარსდა. ორდენი გაიცემა სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში დამსახურებისთვის.

მანამდე ზაზა ფაჩულიას ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. მას გადაეცა მოოქროვილი ფირფიტა, რომელიც ანტიკური ხანის ქართული საოქრომჭედლო ოსტატობის ერთ-ერთი ექსპონატის ასლს წარმოადგენს.

ფაჩულია სექტემბერში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კალათბურთის ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები