საზოგადოება

თბილისში დანაგვიანებისთვის 1,9 ათასზე მეტი ადამიანი დააჯარიმეს

17.08.17 22:00


თბილისის მერიასთან არსებული კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" მეთვალყურეობის სამსახურის ინსპექტორებმა 20 აპრილიდან დღემდე ნაგვის არასათანადო ადგილას დაყრისთვის 1,9 ათასზე მეტი ადამიანი და კომპანია დააჯარიმეს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" კომპანიის პრეს-სამსახურში.

ინსპექტორები თბილისის ქუჩებში პირველად 3 აპრილს გამოჩნდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში ისინი საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ და მოქალაქეებს საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ. 20 აპრილიდან მათ ჯარიმების გამოწერის უფლება მიიღეს.

დაჯარიმებულთაგან 1 ათასზე მეტი უცხოელი იყო. გარდა ამისა, დაჯარიმდა კიდევ 60 იურიდიული პირი.

ჯარიმების საერთო თანხამ 197 ათასი ლარი შეადგინა.

ჯარიმების უმეტესობა სიგარეტის ნამწვის ქუჩაში გადაგდებისთვის გამოწერეს. თითოეულ დამრღვევს 80-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაავალდებულეს.

გარდა ამისა, გამოქვეყნდა 2017 წლის დასაწყისიდან გამოწერილი ჯარიმების სტატისტიკა ქუჩების სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანების გამო. 475 ჯარიმიდან 311 გამოუწერეს ფიზიკურ პირებს. ჯარიმების საერთო თანხამ 354 ათასი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ჯარიმებს, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება — 80 ლარით; იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან — 100 ლარით; 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება — 150 ლარით; იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან — 500-ლარიანი ჯარიმით ისჯება.

ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის ასევე დაწესდა ჯარიმები ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 50 ლარია.

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) — 150 ლარით ჯარიმდება. ხოლო ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) — 500 ლარით.

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის — 400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის — 1000 ლარის ოდენობით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები