საზოგადოება

ბორჯომის ხეობის სტიქიასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

24.08.17 20:45


საქართველოს ბანკების ასოციაცია სახელმწიფოს საბანკო ინსტიტუტების მხრიდან მაქსიმალურ მატერიალურ მხარდაჭერას აღუთქვამს ბოლო დღეებში განვითარებული სტიქიური მოვლენების სავალალო შედეგების აღმოსაფხვრელად.
„საბანკო სექტორი, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი, ვერ იქნება გულგრილი ჩვენს ქვეყანაში, ბოლო დღეებში, მიმდინარე მოვლენებისადმი და მზადაა, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას სტიქიასთან ბრძოლის ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო მომენტში“, – ნათქვამია ბანკების ასოციაციის განცხადებაში.

„საქართველოს საბანკო სექტორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში და ყოველწლიურად ზრდის ეკონომიკის დაფინანსების მოცულობას, ყოველთვის სოლიდარული იყო იმ სტიქიური და ექსტრემალური სიტუაციებისას, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გასულ წლებში განვითარდა, ეხება რა ეს 2008 წლის აგვისტოს ომის თუ თბილისში 2015 წელს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სოლიდური მატერიალური თუ ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„დღეს მსოფლიოში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების შედეგად, ეს პრობლემა გლობალურ ხასიათს ატარებს და ამ სახის კატაკლიზმებისაგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული, რაც, სამწუხაროდ, ხშირად ადამიანური ტრაგედიების და მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგების მიზეზი ხდება. ჩვენ სოლიდარულები და მადლობელი უნდა ვიყოთ პირველ რიგში იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ დღეებში მართლა გმირული შემართებით, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვის სტიქიას. ასევე, ყველა იმ ქვეყნის, რომლებიც გვერდში გვიდგანან და ტექნიკურ და მატერიალურ დახმარებას გვიწევენ. საბანკო სექტორი ბორჯომის ხეობაში, ისევე როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძრის კერებთან დაკავშირებით, უერთდება რა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში და ქვეყნის უნიკალური ფლორისა და ფაუნის აღდგენისა და შენარჩუნების საქმეში, როგორც მატერიალური, ასევე ფინანსური მხარდაჭერის კუთხით“, – აცხადებენ ბანკების ასოციაციაში.

„საქართველოს ბანკების ასოციაცია, უფლებამოსილია განაცხადოს, რომ საბანკო სექტორი მხარს უჭერს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიმართულებით ხორციელდება, ხოლო ბანკების მხრიდან თუ რა სახის მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა იქნება გამოყოფილი, დამწვარი ტერიტორიების აღდგენის და ხანძრის პრევენციის კუთხით, ამის შესახებ განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება“, – აღნიშნულია საქართველოს ბანკების ასოციაციის დღევანდელ განცხადებაში.

საქართველოში ბოლო დღეებში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. ბორჯომში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა, რის შედეგადაც 12 ჰექტარი ფართობი დაიწვა. 22 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა ატენის ხეობაში, თიანეთსა და თბილისში. ამ ეტაპისთვის, გარდა ბორჯომის ხანძრისა, ყველა ლიკვიდირებულია. ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულია აზერბაიჯანის, თურქეთისა და ბელარუსის ვერტმფრენები.

წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები