საზოგადოება

ავტობუსებსა და „მარშუტკებში“ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დამონტაჟება სავალდებულო გახდება

28.08.17 20:00


მთავრობამ „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.
დადგენილების თანახმად, რეგლამენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ან/და პირველად რეგისტრირებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2017 წლის 31 დეკემბრიდან; ხოლო ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო
საშუალებებისათვის 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, რეგლამენტი ვრცელდება 5 ტონამდე და მეტი სრული მასის, 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და 3.5 ტონამდე და 3.5 ტონიდან 12 ტონამდე მასის მქონე ტვირთის გადასაზიდ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.

რეგლამენტი განსაზღვრავს: გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისთვის მაქსიმალურ დასაშვებ სიჩქარეებს; სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებისა და გამოყენების წესს; სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებს, რომლებზეც სავალდებულოა ამ რეგლამენტის დებულებების გამოყენება და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებასა და გამოყენებაზე ზედამხედველობის განხორციელების წესს.

რეგლამენტის თანახმად, 5 ტონამდე და 5 ტონაზე მეტი მასის მქონე, მგზავრთა გადამყვანი ტრანსპორტის გზებზე გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, რომლითაც მათი სიჩქარე საათში 100 კილომეტრზე მეტი არ იქნება; ხოლო 3.5 ტონამდე ან მეტი სრული მასის მქონე ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარე საათში 90 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

წყარო : /www.bpn.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები