საზოგადოება

აბასთუმნის ტყეში ვითარება უფრო რთულია ვიდრე ბორჯომში იყო

30.08.17 16:30


ადგილობრივთა ინფორმაციით, აბასთუმნის ტყიდან ხანძარი ზეკარის ურელტეხილისკენ მიიწევს.

მიუხედავად შსს-ს ძალებისა დაადგილობრივ მოხალისეთა ძალისხმევისა, კურორტ აბასთუმნის მახლობლად ტყეში ხანძარი ღამის განმავლობაში უფრო გაძლიერდა და ცეცხლი ზეკარისკენ მიიწევს — ამის შესახებ Sputnik საქართველოს აბასთუმნის მკვიდრმა გოჩა ფეიქრიშვილმა აცნობა, რომელიც სხვა მოხალისეებთან ერთად მთელი ღამის მანძილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას.

„სიტუაცია უფრო რთულია ვიდრე ბორჯომის ტყეში, რადგან აქ უფრო ხშირი წიწვოვანი ტყეა — ძირითადად ფიჭვი და ნაძვი და ძალიან მიუდგომელი ადგილი. სიტუაციას ქარიც ართულებდა. მოხალისეებმა მაშველებთან ერთად გავთხარეთ ტრანშეები, რომ ცეცხლი კურორტისკენ არ წამოსულიყო. ცეცხლის კერიდან აბასთუმნამდე 7-8 კილომეტრია. ამ დილას თქვეს, რომ ხანძრის ზონა გაიზარდა და ზეკარის უღელტეხილზე გადავიდა. ზეკარიდან კი კურორტ საირმემდე 17-18 კილომეტრის. ასევე მთელი ღამე მუშაობდა მძიმე ტექნიკა, რომელსაც გზა გაჰყავს ხანძრის კერისკენ. დილაადრიან ასევე ჩაერთო ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ვერტმფრენი. იმედი გვაქვს, რომ კიდევ დაემატება სხვა ვერტმფრენები და დღეს მოხერხდება ხანძრის ლიკვიდაცია", — თქვა აბასთუმნელმა მოხალისემ.

ცეცხლი კურორტ აბასთუმნის მიმდებარე ტყეში სამშაბათს შუადღისას გაჩნდა. გუშინ ღამე ხანძარმა 5 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ღამევე სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრეებთან ერთად შსს-ს 500 თანამშრომელიც ჩაერთო.

აბასთუმანში გახსნილია საგანგებო შტაბი, სადაც იმყოფებიან შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სამინისტროს მაღალჩინოსნები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები