ანალიტიკა

რატომ უგულვებელყოფენ ოსები თავიანთ მოძმე იაღნობელებს?

01.09.17 21:50


ცნობილია, რომ ოსური ენა მიეკუთვნება ირანულ ენობრივ ჯგუფს. თუმცა, ირანული წარმომავლობის ქურთებს, სპარსებსა და თალიშებს, რომლებიც ოსთა დღევანდელ სამოსახლოსთან ახლოს არიან დამკვიდრებულნი, ოსური ენა, ფაქტობრივად, არ ესმით, ვინაიდან ლინგვისტური კლასიფიკაციის თანახმად, ოსური ენა მიეკუთვნება ირანული ენების ჩრდილო-აღმოსავლურ ქვეჯგუფს, ხოლო სპარსული, ქურთული და თალიშური-ჩრდილო-დასავლურ ქვეჯგუფს.

მსოფლიოში კიდევ ერთი მცირე ერი არსებობს, რომლის ენაც ასევე მიეკუთვნება ირანული ენის ჩრდილო-აღმოსავლურ ქვეჯგუფს და ოსურ ენასთანაც ახლოს დგას. ამ ერს იაღნობელი ერი ეწოდება. ისინი მთიანი ტაჯიკეთის იაღნობის მდინარის ველებზე ცხოვრობენ, თუმცა იაღნობელთა ნაწილი საბოთა კავშირის დროს გადაასახლეს ტაჯიკეთის დაბლობებში.

ანუ, ოს ხალხს ცენტრალურ აზიაში ღვიძლი ძმები ჰყოლია! თითქოს, ოსი ეროვნული მოღვაწეები ყველანაირად უნდა ცდილობდნენ ტაჯიკელ იაღნობელებთან ურთიერთობების დამყარებასა და განმტკიცებას, დელეგაციების გაგზავნას, ოსურ-იაღნობური ძმობისა და კულტურის ერთიანი ძირის შესახებ ტრაქტატების დადებას და ა.შ..

მაგრამ მსგავსი რამე არ ხდება. საცოდავი იაღნობელები სრულიად მივიწყებულნი არიან საკუთარი ძმები-ოსების მიერ,ხოლო ოსი ნაციონალისტები კი, რომლებიც საკუთარი წარმომავლობის კვალს მთელს ევროპაში დაეძებენ, ბრიტანეთის დედაქალაქის, ლონდონის ჩათვლით, უფრო მეტად დაკავებულნი არიან ძირძველ ქართულ მიწებზე პრეტენზიების გამოთქმით, ამასთანავე, არა მხოლოდ სეპარატისტული ცხინვალის რეგიონზე აცხადებენ პრეტენზიებს, არამედ საქართველოს იმ რაიონებზეც, სადაც ოსი მოსახლეობა გვხვდება, კერძოდ შიდა ქართლზე (ოსების მიერ „თრიალეთის ოსეთად“ წოდებული), ასევე სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის ტრუსის ხეობაზე.

იმის შესახებ, რომ ოსებს, ფაქტობრივად ღვიძლი ძმები ჰყავს, რომლებიც იგივე პოსტსაბჭოურ სივრცეში ცხოვრობენ, არც ცხინვალსა და არც ვლადიკავკაზში საუბარი არ სურთ. თუმცა, იაღნობელები, ტაჯიკეთის მოქალაქეები, საშოვარზე დადიან იგივე მოსკოვში, სადაც სხვადასხვა მიზნით ჩადიან ოსი ბიზნესმენები და ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

შესაძლოა, კოკოითი, თიბილოვი და სხვა სეპარატისტი ლიდერი ცხინვალიდან, მოსკოვში ყოფნისას შეხვედრიან კიდეც მეეზოვეებსა და მშენებლებს-იაღნობელებს და ეჭვადაც არასოდეს ჰქონიათ, რომ ესენი მოძმე ერის წარმომადგენლები არიან, მათთან ოსურად შეიძლება საუბარი და ისინიც ამ ენას ცუდად, მაგრამ მაინც გაიგებენ. მით უმეტეს, რომ ცხინვალელ სეპარატისტებს მთელი „სეპარატისტული სახლემწიფო“ გააჩნიათ, თუმცა ამყარებენ რა „დიპლომატიურ კავშირებს“ ნაურუსთან, რომელთანაც ისტორიულად მათ არაფერი აკავშირებთ, ისინი მოძმე ერის არსებობით საერთოდ არ ინტერესდებიან.

რაშა საქმე? რატომ უცხოობენ ოსები საკუთარ ძმებს, რომლებიც ასევე მთიელები არიან და გარეგნულადაც და კულტურითაც ასე გვანან ოსებს?

საქმე იმაშია, რომ სამხრეთ-ოსური სეპარატიზმისა და ოსთა პრეტენზიების ფონზე, თითქოს ისინი კავკასიის „ძირძველი“ მაცხოვრებლები არიან და საქართველოს თითქმის შუაგულია მათი ძირძველი სამოსახლო, გარკვეულ უხერხულობას ქმნის. იაღნობელებსა და ოსებს ხომ რამოდენიმე ათასი კილომეტრი აშორებს ერთმანეთისაგან. მაგრამ მათ შორის არ ცხოვრობენ სხვები, რომლებიც მათი მონათესავე იქნებოდა ენით მაინც. ეს კი მხოლოდ ერთზე მიუთითებს: ან იაღნობელები ტაჯიკეთში გადასახლებული ერია, ან ოსები კავკასიაში ცენტრალური აზიიდან გადმოსახლდნენ.

ამასთან, არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ იაღნობელები იმ მიწებზე, სადაც ამჟამად ცხოვრობენ, ჩასახლებუილნი არიან, არ მოიპოვება. ეს გახლავთ მთიანი ტაჯიკეთის ძირძველი მოსახლეობა და მათი ენა ახლოს დგას ამ ადგილების ასევე ძირძველი მოსახლეობის, სოღდიელების ენასთან.

აქედან დასკვნა-კავკასიაში სწორედ ოსები არიან ჩამოსახლებულნი. ისინი საკუთარ მიწებზე მიიღეს ქართველებმა და ვაინახელმა ეროვნებებმა, ინგუშების წინაპრებმა. ოსებისათვის საუკუნეების განმავლობაშ არავის აუკრძალავს კავკასიაში ცხოვრება, ხოლო საქართველოში ისინი დაცულნი იყვნენ და ქართველ მეფეთა უშუალო მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

საქართველოში არასოდეს ჰქონია ადგილი ოსების დისკრიმინაციასა და არათანაბარ მოპყრობას. ისინი თავისუფლად ირჩევდნენ საცხოვრებელს მთელი საქართელოს ტერიტორიაზე და ამის მაჩვენებელია ის, რომ ოსები გაფანტულნი არიან მთელი საქართველოს ტერიატორიაზე, განსაკუთრებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოში.

ოსური სოფლები კახეთშიც გვხვდება, მაგალითად კახეთის აღმოსავლეთ მხარე, ლაგოდეხის რაიონი, თითქმის აზერბაიჯანის საზღვართან, დასავლეთ საქართველოში-რაჭაში და ზემო იმერეთში, საქართველოს სამხრეთით-ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის მთებსა და თეთრიწყაროს რაიონში. თუმცა, არსად არ გვხვდება ოსების მასობრივი ჩასახლება. მათი სოფლები გაფანტულია, ან ჯგუფებად ერწყმის ქართულ მოსახლეობას.

ეს გახლავთ მტკიცებულება იმისა, რომ ოსები ჩამოსახლებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე და ოსი ნაციონალისტების პრეტენზიები ეთნიკურ სახელმწიფოზე სახელწოდებით „სამხრეთ ოსეთი“ სრულიად უსაფუძვლოა.

თუ ოს მკვლევარებს ნამდვილად სურთ საკუთარ ძირს მიაგნონ, მათ მართებთ უფრო მეტი კურადღების მიქცევა საკუთარი ძმებისათვის-იაღნობელებისათვის, რომლებიც მიივიწყეს საკუთარი უსაზღვრო გეოპოლიტიკური ამბიციების გამო. მით უმეტეს, რომ იაღნობელთა საცხოვრებელი ადგილები ტაჯიკეთის ისედაც ღარიბი მხარის ყველაზე ღარიბი რაიონებია. იმ დახმარების მეათასედიც კი, რომელსაც რუსეთის მთავრობა სეპარატისტული ოსეთის განვითარებას ახმარდა და ადგილობრივი კრიმინალური ელიტის მიერ იქნა მითვისებული, მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა ოსების ნამდვილად მოძმე ერს.

http://kavkazplus.com/news.php?id=10919#.WafqjPkjHcc

წაკითხულია : 604


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები