პოლიტიკა

კახი კალაძე – მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას

15.09.17 14:25


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვაკის მოსახლეობას შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატები გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ აცნობეს, კახი კალაძის განცხადებით, დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ გუნდურობით და თბილისის მოსახლეობის ერთიანობით არის შესაძლებელი.

„ამისთვის საჭიროა გუნდი, ამისთვის საჭიროა ადამიანები, რომლებიც საკრებულოში თქვენი რაიონისთვის იმუშავებენ. ამისთვის საჭიროა გამგეობა და თითოეული თქვენგანის ძალისხმევა“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ გააცნო მისი ხედვა დედაქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უნდა აღიკვეთოს ქაოტური განაშენიანება, გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა, შეიქმნას მეტი მწვანე სივრცე, გაუმჯობესდეს და პოპულარული გახდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და განხორციელდეს ახალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.

თბილისის მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროებას ხაზი გაუსვა. „მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც პრობლემაა არამარტო თბილისში, არამედ ზოგადად, ქვეყანაში.

ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გვყავდეს დასაქმებული და რაც შეიძლება, ნაკლები სოციალურად დაუცველი ჰყავდეს ქვეყანას. ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობების გამოვლენის შანსი და მოახერხოს თვითრეალიზება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა მაჟორიტარები უკვე ათივე რაიონში წარადგინა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები