საზოგადოება

საქართველოს კულტურული მემკვიდერეობის ნუსხას ორი ძეგლი შეემატა

20.09.17 15:45


საქართველოს კულტურული მემკვიდერეობის ნუსხას ორი ძეგლი შეემატა — ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში მდებარე „ცეცხლის ტაძარი" და „ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი".

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ორივე ისტორიულ ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კატეგორია მიენიჭა. შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

ნეკრესის ნაქალაქარი სახელწოდებით „ცეცხლის ტაძარი" 1984-1993 წლებში, არქეოლოგიური ექსპედიციის გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. ტაძარი ჩვ. წ. IV საუკუნეში დაინგრა.


თავდაპირველად „ცეცხლის ტაძარი" დიდი ზომის იყო, მისი დანგრევის შემდეგ პრაქტიკულად მის საძირკველზე დაარსდა ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემის მქონე სასახლე. „ცეცხლის ტაძრიდან" დღემდე სწორედ ამ სასახლის ნანგრევები, უფრო სწორედ, ორი კედელი შემორჩა.

მეცნიერთა ნაწილის აზრით, აღნიშნული ძეგლი მაზდეანური თაყვანისცემის პერიოდს განეკუთვნება და ამ სარწმუნოების მიმდევართა სამლოცველოს წარმოადგენს. აღნიშნულია, რომ ტაძრის რთული გეგმარება გამოწვეულია იმით, რომ ამ ტაძრის მსახურები იქ ციურ მნათობებს აკვირდებოდნენ, კერძოდ, ზოროასტრული დღესასწაულების კალენდრის შემუშავების მიზნით.

„ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსის" ბაზილიკა საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სამნავიანი ტაძარია.

მეცნიერთა თქმით, ჭაბუკაურის ბაზილიკა ბიზანტიური არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს.

ბაზილიკის გვერდით მდებარეობს სანათლავი, რომელიც ასევე ბიზანტიური არქიტექტურული სკოლის ტრადიციებშია შესრულებული.

ჭაბუკაურის კომპლექსი ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდშია აშენებული.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები