ეკონომიკა

საქართველოში გაზსაცავის აშენებისთვის 14 კომპანიაა მზად

26.09.17 16:50


საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) წინადადება სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე მიწისქვეშა გაზსაცავის დაპროექტებასა და მშენებლობაზე 14 კომპანიისგან მიიღო, აღნიშნულია GOGC-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ს შეადგენს.

ტენდერში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა 55 კომპანია, მაგრამ გაზსაცავის დაპროექტების, შესყიდვის, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების (EPIC) წინადადება მხოლოდ 14-მა კომპანიამ წარადგინა.

წინადადებების შეფასების შემდეგ შერჩეული იქნება კომპანიები, რომლებიც ტენდერის მეორე ეტაპზე, მომავალი წლის დასაწყისში, წარმოადგენენ დეტალურ ტექნიკურ წინადადებას და EPIC სამუშაოების ფასს.

გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის პირველ ნახევარში იგეგმება, ხოლო დასრულება — 2021 წელს. გარდა ამისა, მიღებული იქნება დამატებითი გეოლოგიური ინფორმაცია და დაზუსტდება საცავის ტექნიკური პარამეტრები.

გაზსაცავის მშენებლობა დაფინანსდება როგორც თავად GOGC-ს მიერ, ისე საერთაშორისო ფინანსური და დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებით. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, პროექტის დაფინანსების შესწავლისა და პირობების ოპტიმიზაციის მიზნით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთან.

გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობით საქართველო მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს ქვეყნის მომხმარებლების საცავიდან გაზის შეუფერხებლად მომარაგებას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები