მსოფლიო

ქურთისტანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა

26.09.17 17:40


ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობას რეგიონში ჩატარებულ რეფერენდუმზე გამოცხადებულთა 93%-მა დაუჭირა მხარი. წინასწარი მონაცემები 282 ათასი ბიულეტენის გადათვლას ეყრდნობა, რაც რეფერენდუმში მონაწილეთა 9%-ს შეადგენს.

ამის შესახებ უცხოური მედია ქურთისტანის რეფერენდუმისა და არჩევნების დამოუკიდებელ კომისიაზე დაყრდნობით წერს.

კომისიის წარმომადგენლების თქმით, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ხმის მიმცემთა 6,71%-მა მოაწერა ხელი. არსებული მონაცემები შეიძლება შეიცვალოს, ვინაიდან ბიულეტენების დაახლოებით 90% დასათვლელია. კომისიის წარმომადგენლის თქმით, რეფერენდუმის შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ხუთშაბათს გავრცელდება.

ბოლო მონაცემებით, რეფერენდუმში დაახლოებით 3,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა – ამომრჩეველთა 72,16%.

ერაყის ქურთისტანში ხმის უფლების მქონე 5,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. რეფერენდუმში ქურთების ავტონომიაში შემავალი ერბილის, სულეიმანიისა და დოჰუკის პროვინციების მოსახლეობასთან ერთად იმ ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც კირკუკის, ნაინავისა და სალაჰადდინის პროვინციებში ცხოვრობენ.

გარდა ამისა, ონლაინ რეჟიმში საარჩევნო კომისიაში ხმები სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქურთებისგანაც შედიოდა.

ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბაღდადთან ერთად ანკარა და თეირანი გამოდიან. რეფერენდუმის წინააღმდეგია, ასევე, აშშ, ევროკავშირი და გაერო.

თურქეთმა და ირანმა ერაყის ქურთისტანის საზღვართან ერთობლივი სამხედრო წვრთნები გუშინ დაიწყეს. გარდა ამისა, ირანმა მთლიანად ჩაკეტა საზღვარი, რომელიც ქურთისტანთან აკავშირებთ. ერაყის პარლამენტმა ქურთი მაღალჩინოსნების თანამდებობებიდან გათავისუფლებას დაუჭირა მხარი. დეპუტატებმა მეზობელ ქვეყნებს მოსთხოვეს, ნავთობის საკითხებზე მოლაპარაკებები მხოლოდ ერაყის ხელისუფლებასთან აწარმოონ.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები