საზოგადოება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა: ციტრუსების შეწამვლის დროა

17.10.17 21:30


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების რაიონულ ადმინისტრაციებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით ციტრუსების შესაწამლად პრეპარატები გადასცეს, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

პრეპარატებს შესაწამლად დასავლეთ საქართველოში ყველა ფერმერი მიიღებს. ეს პროცედურები საჭიროა, რათა მოსავლის აღებამდე ციტრუსები მავნებლებისგან 20 დღის განმავლობაში დაცული იყოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ფერმერებთან შეხვედრებს მართავენ და პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევენ.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოიყენება პრეპარატი ბიფენტრინი. წამლობა ტარდება სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით. პრეპარატის კონცენტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს.

ასეთი ნორმებით გამოყენების შემთხვევაში პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. პრეპარატი ციტრუსებს მავნებლებისგან 10-14 დღე დაიცავს.

მნიშვნელოვანია ლოდინის პერიოდის დაცვა მოსავლის აღებამდე: 21 დღე — ციტრუსოვან კულტურებზე, 30 დღე — სხვა მრავალწლიან კულტურებზე, 20 დღე — მარცვლეულზე, 15 დღე — ბოსტნეულსა და პარკოსნებზე. ბიფენტრინის გამოყენება შესაძლებელია სხვა კლასის პესტიციდებთან ერთად კომბინირებულ ნაზავში, გარდა ძლიერი ტუტე და მჟავა რეაქციის მქონე პრეპარატებისა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით პრეპარატები 230 ათას ოჯახს გადაეცემა. თითოეულ ოჯახს გადაეცემა ერთი ლიტრი პრეპარატი და გამოყენების ინსტრუქცია. ბიფენტრონის დარიგება მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელია გავრცელებული.

იხილეთ ასევე: "მოსახლეობას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის რეკომენდაციები გააცნეს">>
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს რეგიონს პრეპარატის 116 000 ლიტრი გადასცა; გურიას — 50 670 ლ; იმერეთს — 38 838 ლ; აჭარას — 13 000 ლ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები