საზოგადოება

საქართველოს პატრიარქი: სიხარულიდან მწუხარებამდე ერთი ნაბიჯია

25.04.16 1:20


მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საღმრთო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლინა და მოსახლეობას ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, იუწყება სააგენტო „ინტერპრესნიუსი“.

„ადამიანის ცხოვრება საოცრად განსხვავებულია. დრონი იცვლებიან და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით. სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როგორც ერთი ბრძენი ადამიანი ამბობდა, სიხარულიდან მწუხარებამდე ერთი ნაბიჯია. დღეს ვდღესასწაულობთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ზეიმით შესვლას იერუსალიმში, სადაც მას ხალხი უგებდა ტანსაცმელს და ხის ტოტებს. უფალი ტიროდა, იმიტომ, რომ ხედავდა იმ ხალხის სისუსტეს. იგივე ხალხი, რომელიც ადიდებდა უფალს და უგალობდა ოსანას, რამდენიმე დღეში იყვირებდა „ჯვარს აცვი იგი“. ასეთი ცვალებადია ადამიანი და ჩვენ შევთხოვთ უფალს გაგვაძლიეროს ჩვენს სიკეთეში, გაგვაძლიეროს ჭეშმარიტ რწმენაში, მართლმადიდებლობაში, ასევე გააძლიეროს ჩვენში სიყვარული, მიმტევებლობა და ცოდვათა ჩვენთა განცდა“, — განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე.

მისი თქმით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე ერთი კვირა დარჩა და იგი ღმერთს შესთხოვს, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ღირსეულად მოვემზადოთ ამ დიდებული დღესასწაულის შესახვედრად.

დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და პირველ მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები