საზოგადოება

გარემოს დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის მოჭრასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

30.10.17 20:00


საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, – ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის საფუძველზე მომზადებული ტყის მართვის გეგმებით დაშვებული მოცულობების ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ტყეების ფაქტიურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მდგრად ტყითსარგებლობას. სწორედ ამ პრინციპების დაცვით ხორციელდება ტყეკაფების გამოყოფა უპირველესად სოციალური ჭრისთვის, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სათბობ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას წარმოადგენს. ასევე, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიტარული ჭრებიც. ტყის მავნე მწერმა მბეჭდავმა ქერქიჭამიამ დიდი ზიანი მიაყენა სამცხე-ჯავახეთში წიწვოვან ტყის მასივებს. 2012 წლიდან ხორციელდება მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით, თუმცა, საუკეთესო შედეგების მიღების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სანიტარული ჭრების განხორციელებაც, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს პირობებისთვის, არამედ, ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით მეტყევეობაში მიღებული პრაქტიკაა.

ზოგადად, ხე-ტყის დამზადება წარმოადგენს სატყეო სამეურნეო ღონისძიებას, რომლის განხორციელება არა მხოლოდ მერქნული რესურსებით სარგებლობის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, არამედ, წესების დაცვით დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს ტყეების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

რაც შეეხება რეგიონში უკანონო ტყითსარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მხოლოდ მიმდინარე წელს (ოქტომბრის მდგომარეობით), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონოდ ხე-ტყის მოპოვების სამართალდარღვევის 337 ფაქტი. მათ შორის, 21 ფაქტი დაფიქსირდა მიმდინარე წლის აგვისტოს პერიოდში ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2126, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი – 124 ფაქტი. ამავე პერიოდში, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 187 საახერხი დანადგარი. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობამ 10 689,9 მ3 შეადგინა.

მხოლოდ აგვისტოს თვეში, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სტიქიასთან ბრძოლაში ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსი იყო ჩართული, ბრაკონიერები ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებას მაინც აგრძელებდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამ პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 208 ფაქტი გამოავლინეს. აქედან, 198 – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და 10 – სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი. მხოლოდ აგვისტოს თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 20 საახერხი დანადგარი.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციასა და გამოვლენაზე და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ჩართულობაც, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს, ნებისმიერი ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით გვაცნობონ სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153″, – აღნიშნულია განცხადებაში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები