ეკონომიკა

ვაჭრობა და უსაფრთხოება: რა განიხილეს საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა

01.11.17 15:45


საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილეს დაემთხვა — კერსტი კალიულაიდი თბილისში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს.

ესტონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურებმა ორმხრივი ფორმატის შეხვედრა გამართეს, მას შემდეგ კი, დელეგაციების თანდასწრებით, ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.

საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისს დამყარდა. ესტონეთი და საქართველო თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა და სხვა. 2017 წლის პირევლი სამი კვარტლის პერიოდში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 7,3 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველომ ბევრი რამ ისწავლა ესტონეთისგან, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. საუბარია ელექტრონულ მმართველობაზე და უახლეს ტექნოლოგიებზე. მისი თქმით, დღეს ესტონეთი საქართველოსთვის მაგალითს წარმოადგენს, რადგან მრავალ სფეროში ტრანსფორმაციის გზაზე დგას.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენ მხარდაჭერას თქვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო დასჭირდება იმისათვის, რომ ეს ფანჯარა გაიღოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ ამისათვის მზად იყოთ.

მოსამზადებელი პერიოდი სახელმწიფოსა და საზოგადოებას განვითარებაში ეხმარება“, — განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ესტონეთის პრეზიდენტმა.

„დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ ჩვენი ორმხირივი თანამშრომლობის ფორმატებიც და ჩვენი პოზიციაც მნიშვნელოვან "აღმოსავლეთ პარტნიორობის" და ნატო-ს სამიტებთან დაკავშირებით.

მადლობელი და მოხარული ვარ, რომ ესტონეთი, როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ძალიან სერიოზულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საკითხებს“, — განაცხადა თავის მხრივ გიორგი მარგველაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ესტონეთი დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა და კალიულაიდის მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის საერთაშორისო ფორუმებზე, სადაც ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებს აყენებს.

პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ნატოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორუმების წინ კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ და გამოხატეს რწმენა იმისა, რომ 2018 წლის ნატოს სამიტი საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პოლიტიკური პროგრესი აჩვენოს.

როგორც კალიულაიდიმ აღნიშნა, ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს მხარდაჭერა წარმოადგენს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნეს-კლიმატი, პერსპექტივები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალი — ამ მიმართულებით დისკუსიები გაგრძელდება ოთხშაბათს, ქართულ-ესტონურ ბიზნეს-ფორუმზე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები