საზოგადოება

მაია მიმინოშვილი - საატესტატო გამოცდებით რომ უკმაყოფილო ვართ, ამაში ახალი არაფერია

22.06.16 19:40


საატესტატო გამოცდებით რომ უკმაყოფილო ვართ, ამაში ახალი არაფერია, სტატისტიკაზე უკვე ვისაუბრეთ და არაფერია დასამალი, - ასე უპასუხა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას იმის შესახებ რომ საატესტატო გამოცდების შედეგები ძალიან უარყოფითია და განათლების სამინისტრო სტატისტიკას არ ასაჯაროებს.

„როგორც კი გამოსაშვები გამოცდები დამთავრდა, სტატისტიკა რაც იყო და რაც არის მაშინვე ვისაუბრეთ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. შემიძლია დღესაც გავიმეორო და ამაში დასამალი არაფერია. უკმაყოფილო რომ ვართ შედეგებით ეს ახალი არ არის. 2 900-მდე მოსწავლე გამოეთიშა გამოცდებს იმის გამო, რომ ვერ გადალახა ბარიერი, ერთ-ერთ საგანში მაინც. საგანგაშო თუ არა მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის, რომ 200 კი არა, 20 მოსწავლეც რომ გვყავდეს ისეთი ვინც მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ეს არ არის სახარბიელო შედეგი, ეს არის რაც გვაქვს. სამწუხაროდ, არ უმჯობესდება ვითარება წლების თვალსაზრისით“, - განაცდადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, უკვე გამოიკვეთა ორი საგანი, რომლის გამოც ჩარჩნენ მოსწავლეები, ეს იყო - უცხო ენა და მათემატიკა. მიმინოშვილის თქმით, წლიდან წლამდე მონაცემები იცვლება, ზოგჯერ უარესდება, ზოგჯერ უკეთესია, თუმცა 2011 წელს გაცილებით უარესი სიტუაცია იყო ვიდრე წელს.


”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელის მარიამ რამინაშვილის განცხადებით, საატესტატო გამოცდები დასრულდა, თუმცა სამინისტრო შედეგების სტატისტიკას არ ასაჯაროებს, რადგან ჩაჭრილთა რაოდენობა დიდია.

მისივე თქმით, ჩაჭრილთა დიდი რაოდენობა განათლების სამინისტროს მიერ უკონტროლოდ მიტოვებულმა სკოლებმა გამოიწვია.
„ჩვენ მოვუწოდებთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რომ უმოკლეს პერიოდში გამოაცხადოს ეს შედეგები და მისი მიზეზები ახსნას, ასევე დასახოს პრევენციული ღონისძიებები, რათა მსგავსი რამ არ განმეორდეს”, - განაცხადა მარიამ რამინაშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები