ეკონომიკა

“ბაქო-თბილისი-ყარსის” ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი

07.11.17 20:35


ეკონომიკური დივიდენდები

მოიტანს თუ არა “ბაქო-თბილისი-ყარსის” გზის მშენებლობაში ჩადებული აზერბაიჯანული ინვესტიცია მოგებას და როდის, რთული სათქმელია. ოფიციალურ დონეზე ამაზე აზერბაიჯანში არავინ საუბრობს. აზერბაიჯანელი ექსპერტების მოსაზრებებიც განსხვავდება.

მთავრობასთან დაახლოებული ექსპერტები ამბობენ, რომ პირველ წლებში წლიეური შემოსავალი, დაახლოებით, 50 მილიონი აშშ დოლარი იქნება, მოგვიანებით კი, – გაიზრდება.

2017 წლის 30 ოქტომბერს, პირველი სატვირთო მატარებელი, ყაზახური ტვირთით [32 კონტეინერი] ბაქოდან თურქეთის მიმართულებით გავიდა. ბაქომ მარშრუტის დატვირთვაზე კონკრეტულ შეთანხმებას უკვე მიაღწია. ცენტრალური აზიის ქვეყნებმაც საკუთარი ტვირთის გადაზიდვაზე ინტერესი უკვე გამოთქვეს.

ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ პირველ წლებში ამ გზით შემოსავალმა, საეჭვოა, 20-30 მილიონს გადააჭარბოს.

ბუნებრივია, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი უმეტესწილად ჩინეთზეა დამოკიდებული. ბევრი ქვეყნის ოცნებაა ჩინეთის საქონლის ტრანზიტზე ფულის შოვნა. ამას იმედოვნებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიპ ერდოღანიც, რომელმაც განაცხადა, რომ ჩინეთიდან ევროპაში გატანილი საქონელი 240 მილიონ ტონას აჭარბებს. – თუ ჩვენ ამ საქონლის 10%-ს ბაქო-თბილისი-ყარსის გზით გადავიტანთ, 24 მილიონი ტონა გამოგვივა.

რისი ექსპორტი შეუძლია აზერბაიჯანს? თეორიულად – ნავთობპროდუქტებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის. 2018 წლიდან ექსპლუატაციაში ჩაერთვება SOCAR Carbamide და SOCAR Polymer-ი, რომლის პროდუქციის 70% ექსპორტზე თურქეთში გავა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მისი დიდი ნაწილი რუსეთში მიდის. შესაბამისად, ნაკლებსავარაუდოა, რომ ამან ბაქო-თბილისი-ყარსით გადასატანი საქონლის მნიშვნელოვანი წილი შეადგინოს.

გზების გახსნამ შესაძლოა ზოგიერთი იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება შეამციროს. გარდა ამისა, სამგზავრო ხაზის გახსნით, ორივე ქვეყანაში აზერბაიჯანელებისა და თურქების ნაკადი გაიზრდება.

აზერბაიჯანელი სკეპტიკოსები კი გამოთქვამენ აზრს, რომ პროექტი შესაძლოა უსარგებლო გახდეს, რადგან აზიიდან წამოსული ტვირთის გადატანა თურქეთსა და ევროპაში ფოთის პორტიდანაც შეიძლება. მაშ რაღა აზრი აქვს ყარსში მის წაღებას?

როგორც ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი მიიჩნევსს, პროექტის მომგებიანობის გაზრდისთვისა და მისთვის საერთაშორისო მასშტაბის მინიჭებისათვის, ამ გზის ევროპასა და აზიას შორის ნამდვილ ხიდად გადაქცევაა საჭირო, ხოლო პროექტის პრაქტიკაში რეალიზაციისათვის – ბევრი საკითხის გავლა და სირთულეების გადაჭრა.

“ჯერჯერობით ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რამდენ მოგებას მოუტანს აზერბაიჯანის ეკონომიკას, რთულია, ასე ვთქვათ მეშინია მისი მოგების პოტენციალი გადაჭარბებით შევაფასო.

ამაზე ბევრი აზერბაიჯანელი ოფიციალური პირი საკმაოდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.

კერძოდ, უკვე საუბარი მიდის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის აზერბაიჯანის ნავთობის სექტორის ალტერნატიული მოგების წყაროდ გახდომაზე. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გადაუჭრელი ტექნიკური პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, კონკურენტუნარიანობის საკითხი კი ღიად რჩება”, – ამბობს ჯაფარლი.

ეკონომისტის თქმით, საქონლის გადატანის სხვა გზებიც არსებობს, მაგალითად ყაზახეთისა და რუსეთის გავლით ევროპაში. ორი წლის წინ რუსეთმა და ჩინეთმა საქონლის სწრაფ გადაზიდვაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. კიდევ ერთი ალტერნატივაა: ირანის გავლით სპარსეთის ყურეში, ხოლო იქიდან დიდი გემებით სუეცის არხის გავლით ხმელთაშუაზღვისპირეთში. ამიტომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტმა თავის საერთაშორისო პარტნიორებს ჯერ კიდევ უნდა დაუმტკიცოს, რომ სწორედ ეს პროექტია ყველაზე ხელსაყრელი, სწრაფი და უსაფრთხო საქონლის გადასატანად.

ამასთანავე, ეკონომისტი აღნიშნავს ამ მარშრუტის საწყის წერტილში, ალიატაში მდებარე საზღვაო პორტის მნიშვნელობას. “მომავალი წლიდან საზღვაო პორტ “ალიატის” პირველი ეტაპი დაიწყება. ამ პორტის საშუალებით 7 მილიონი ტონა ტვირთი და 100 ათასი კონტეინერი გაივლის. ეს დასაწყისისთვის არც თუ ისე ცუდი შედეგია. ამასთანავე, აზერბაიჯანის ხაზინაში სატარიფო შემოსავალი 40 მილიონ დოლარს გადააჭარბებს” – განაცხადა მან.

პოლიტიკური დივიდენდები

აზერბაიჯანში სჯერათ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ქვეყანას არასანავთობო სექტორის განვითარებაში დიდ იმპულსს მისცემს. ასევე აღნიშნავენ, რომ პროექტს ეკონომიკურ მნიშვნელობასთან ერთად, არანაკლები პოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია.

აზერბაიჯანმა უახლოეს მეზობლებთან ერთად კიდევ ერთი დიდი რეგიონალური პროექტი განახორციელა, სადაც სომხეთი კვლავ თამაშგარეთ დარჩა. რა თქმა უნდა, ამას ყოველ ხელსაყრელ მომენტში ახსენებენ ხოლმე.

“ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო კორიდორის პროექტი, აზერბაიჯანისთვის ძალიან ფასეულია, რადგან ქვეყანას მრავალმილიონიანი მოგება უნდა მოუტანოს” – განუცხადა ნეტგაზეთს, დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფიკრეტ სადიხოვმა.

“ეს პროექტი პოლიტიკურ ჭრილში, მისივე თქმით, სომხეთს მიღმა დატოვებს. სომხური მხარის ამ პროექტში ჩართვის არაერთგზის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. პროექტთან დაკავშირებით, რუსული მხარე ყოველთვის ერთგვარ სიფრთხილეს გამოხატავდა. სარკინიგზო გზის პროექტის განხორციელება ბევრს ეეჭვებოდა, რადგან მისი გახსნის პროცესი ცოტათი გაჭიანურდა, თუმცა ყველაფერი გამოვიდა”.

მისივე თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროექტის მოწოდება ისტორიული აბრეშუმის გზის განახლებაა. “მთავარია, რომ პროექტი უკვე ჩაშვებულია. იგი ერთ-ერთი პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად სარფიანი მასშტაბური პროექტი იქნება, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც” – ამბობს პოლიტოლოგი.

პოლიტიკურ კონტექსტში, რა თქმა უნდა, რუსეთიც მოიაზრება. ჩინეთისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რასაკვირველია, თურქეთისთვისა და ევროპისთვის საქონლის მიწოდებისთვის, რუსეთის გზების ალტერნატივაა. თუმცა ამ გზით ტრანსპორტირების მოცულობა ჯერჯერობით ისეთივე მნიშვნელოვანი არ იქნება.

იუ-ლონდონის სარკინიგზო გზა, რომელიც ჩინეთიდან ყაზახეთს, რუსეთს, ბელარუსს, პოლონეთს, გერმანიას, ბელგიას და საფრანგეთს გაივლის, 17 დღეში ლონდონს აკავშირებს. ასევე ტრანს-ციმბირული და ამურ-ბაიკალის მაგისტრალიც არსებობს.

აქედან გამომდინარე, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს საუკეთესო ვარიანტში კონკურენციის გაწევა შეუძლია, თუმცა “საბანს მხოლოდ თავისკენ ვერ გადაქაჩავს”.

პროექტის შესახებ

აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საზეიმო გახსნა რამდენიმე დღის წინ გაიმართა – პროექტის, რომელსაც 10 წელია ველით და რომლის გახსნასაც ორი წლის განმავლობაში გვპირდებოდნენ.

“ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი – ევროპასა და აზიას შორის, ყველაზე მოკლე და საიმედო გზაა. დასაწყისისთვის სარკინიგზო ხაზზე 5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდება, ხოლო შემდგომ 17 მილიონი. ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზი ევრაზიას სატრანსპორტო რუკის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. ეს გზა განავითარებს ტურიზმს, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ორმხრივი ინვესტიციების რაოდენობას გაზრდის და ჩვენი ქვეყნების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გააძლიერებს.” – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, პროექტის მთავარი ღირებულებები ასე მოკლედ ახსნა.

ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ყაზახეთის და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა ბაკიტჯან საგინტაევმა და აბდულა არიპოვმა მიიღეს.

პროექტის მთავარი თეზისი – რუსეთის გვერდის ავლით, აზიასა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფანია. აზერბაიჯანში ბაქო-თბილის-ყარსის პროექტს ისტორიულ მოვლენას, “აბრეშუმის გზის” გაცოცხლებას, მათ “სუეცის არხს” და ნავთობის ალტერნატიულ შემოსავალს უწოდებენ.

პროექტის ძირითადი უპირატესობა, ოფიციალური პირების აზრით, საქონლის ტრანსპორტირების დროის მონაკვეთია, რომელიც 10-დან 15 დღემდე შეადგენს. ალტერნატიული საზღვაო გზა 40-45 დღეს შეადგენს.

რამდენი დაიხარჯა?

პროექტის ძირითადი ხარჯები მხრებზე აზერბაიჯანს დააწვა. პროექტის თავდაპირველი ღირებულება 422 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა შემდეგ 1 მილიარდს გადააჭარბა, საიდანაც ლომის წილი აზერბაიჯანმა გაიღო.

საქართველოში ჩატარებული სამუშაოებიც აზერბაიჯანმა დააფინანსა – სახელმწიფო სანავთობო ფონდიდან რამდენიმე ტრანშით, 775 მილიონი დოლარის ოდენობის გამოიყო. პირველი 200 მილიონიანი ტრანში 25 წლით 1%-ში განხორციელდა, შემდეგი ტრანშებიც ასევე შეღავათიანი იყო, 5%-მდე წელიწადში. თურქეთმა პროექტისთვის 345 მილიონი დოლარი დახარჯა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები