საზოგადოება

საქართველო თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციებისთვის ემზადება

13.11.17 19:45


,,თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით,,,თამბაქოს კონტროლის ალიანსის" წევრები სარესტორნო ქსელების მფლობელებს შეხვდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ალიანსის ხელმძღვანელებმა კაფე-რესტორნების მეპატრონეებს კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციებისა და საკუთარი უფლებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა დისკუსიის ფორმატსაც მოიცავდა. განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის, მაგალითად, როგორ უნდა მოიქცეს კაფის მეპატრონე იმ შემთხვევაში თუ კლიენტი კანონს არ დაემორჩილება და სიგარეტს მაინც მოწევს.

,,თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდება, ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შედის. დახურულ შენობებში, მათ შორის კაფე-რესტორნებსა და სასტუმროებში, თამბაქოს მოწევა პირველი მაისიდან იკრძალება.

2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა,,თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებები 85 ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ახალი რეგულაციები ეტაპობრივად ამოქმედდება. კანონპროექტის მიხედვით:

— 2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის სრული აკრძალვა ამოქმედდება. გამონაკლისს წარმოადგენს ბარების და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, ქუჩა, სამორინე, საპატიმრო დაწესებულებები, ფსიქიატრიული დაწესებულებები და სიგარა-ბარები.

— 2018 წლის 1 იანვრიდან იკრძალება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი სხვა აღმნიშვნელი ელემენტის გამოყენება. ყველა დასახელების სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით გაიყიდება.

— თამბაქოს მოხმარება იკრძალება ყველა ტიპის ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, გემი, თვითმფრინავი და სხვა) გარდა ღია კატერისა და ტაქსისა.

— თამბაქოს მოწევა იკრძალება სტადიონებზეც, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.

— ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა.

შენობაში თამბაქოს მოხმარებისთვის იურიდიული პირი, თავდაპირველად, 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში — 2 000 ლარით, ხოლო სისტემატური მოხმარებისთვის კანონდამრღვევი 5 000 ლარით დაჯარიმდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები