პოლიტიკა

სომეხი პოლიტოლოგი, რომელსაც საქართველოში ელჩობაზე უარი ეთქვა, რუმინეთში გაგზავნეს

17.11.17 21:30


სომეხი პოლიტოლოგი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი რუმინეთში სომხეთის ელჩად დაინიშნა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი საქართველოში დანიშვნის შესახებ, თუმცა, მისი კანდიდატურა აქ აღარ განიხილეს.

„წლების განმავლობაში ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობებს, კერძოდ, ევროპულ და ევროატლანტიკურ პოლიტიკას. ამდენად, მოხარული ვარ, რომ სომხეთს რუმინეთში წარვადგენ. ეს ქვეყანა ნატოს ერთ–ერთი აქტიური წევრია შავი ზღვის რეგიონში. მჭიდრო ისტორიული ურთიერთობების გარდა, რუმინეთი პირველი ქვეყანაა, რომელთანაც 1991 წლის დეკემბერში სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა“, – წერს მინასიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

თავდაპირველად მინასიანის კანდიდატურა საქართველოში სომხეთის საელჩოს მთავარი დიპლომატის პოზიციაზე განიხილებოდა, თუმცა, ამის წინააღმდეგი ქართული მხარე იყო. ამის შემდეგ სომხეთის ელჩად საქართველოში დიპლომატიურ სფეროში გამოუცდელი, ყოფილი დეპუტატი, უპატრონო ძაღლების დამჭერი კომპანია „იუნიგრაფ იქსის“ დამფუძნებელი რუბენ სადოიანი დაინიშნა.

მანამდე, „პირველთან“ საუბარში სომხოლოგი ივა შილაკაძე საქართველოში სომხეთის ელჩად სერგეი მინასიანის შესაძლო დანიშვნას, ოფიციალური ერევანის პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებდა.

ივა შილაკაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მინასიანი სამცხე-ჯავახეთში სეპარატიზმს მხარს ოფიციალურად უჭერდა, და ასევე, რეგიონის პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთის სამხედრო ჩარევას ითხოვდა, სომხეთის მიერ მისი საქართველოში ელჩად დანიშვნა უსიამოვნო ნაბიჯი იქნება.

"თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მორალური უფლება, რომ სერგეი მინასიანს აკრედიტაცია არ მისცეს", - განაცხადა "პირველთან" საუბარში შილაკაძემ.

მისივე თქმით, ვინაიდან ის მინასიანს პირადად არ იცნობს, დაზუსტებით ვერაფერს იტყვის.

თუმცა, აცხადებს, რომ საქართველოში სომხეთის სავარაუდო ელჩის პოლიტიკური წარსული უსიამოვნოა.

"პირველი" მინასიანის საქართველოში სომხეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად შესაძლო დანიშვნის შესახებ ჯერ კიდევ 11 ივლისს წერდა. მაშინ სააგენტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უწყებაში არ შესულა. "პირველი" მაშინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახური აღნიშნულ ინფორმაციას ვერც ადასტურებდა და ვერც უარყოფდა, ვინაიდან, მათი განმარტებით, ოფიციალური დოკუმენტი ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით არ არსებობდა.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები