პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - პარლამენტი და მთავრობა აქტიურად ვთანამშრომლობთ ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად

04.12.17 14:45


საქართველოს პარლამენტი და მთავრობა აქტიურად ვთანამშრომლობთ ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად - ახლახან დამტკიცებული 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი ბევრად უფრო ამბიციური დოკუმენტია, ვიდრე მისი წინამორბედი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონფერენციის “ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა.

მისი განმარტებით, პარლამენტი მზად არის, ძალიან მჭიდროდ და კიდევ უფრო მეტი ენერგიით ითანამშრომლოს, როგორც მთავრობასთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება სწრაფად და წარმატებით შეასრულოს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს შიდა რეფორმებს იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

“ქვეყანაში ხორციელდება უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული რეფორმები, წარმატებით განხორციელდა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის საფუძველზეც საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, ძლიერდება სასამართლოს დამოუკიდებლობა, ხორციელდება დეცენტრალიზაციის რეფორმა, უმნიშვნელოვანესი რეფორმები ხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით. პარლამენტმა დაამტკიცა გასული წლის ბოლოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სპეციალური ოთხ პუნქტიანი გეგმა, რომლის საფუძველზეც დაჩქარდა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. წლევანდელი პირველი ათი თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 4.9 %, რაც არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, ამისთვის ტარდება სოციალური რეფორმები.

შეიძლება აღინიშნოს, რომ თუ 2012 წელს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იყო 1.6 მლრდ ლარი, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი 3.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს ჯანდაცვას ჩვენი მოქალაქეებისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმები იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ევროპელ პარტნიორებთან და მეგობრებთან კავშირების გაფართოებას.

“ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებების გაფორმებით, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაღრმავოთ ორმხრივი კავშირები და ამასთან, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი კოლეგების წარმატებული გამოცდილება გავიზიაროთ.

ჩვენ დაინტერესებული ვართ ძლიერი და სტაბილური ევროკავშირით, რომლის თითოეულ წევრ სახელმწიფოს აქვს ერთიანი ხედვა და ერთიანი პოლიტიკა შიდა და გარე პროცესებთან დაკავშირებით. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ როგორც ევროკავშირის გაძლიერებაში, ასევე მის ახლო თუ შორეულ სამეზობლოებში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ევროკავშირში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ღრმად მწამს, რომ ვიდრე ევროპის კონტინენტზე იქნება მშვიდობის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საერთო ინტერესი, ევროკავშირს ყოველთვის ექნება არსებობის და კიდევ უფრო გაძლიერების პოტენციალი.

საქართველო მზად არის, ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები