ეკონომიკა

საქართველომ 2017 წელს მევენახეობასა და ღვინის ექსპორტში რეკორდი დაამყარა

28.12.17 15:00


2017 წელი რთველის მიმართულებით უპრეცედენტო იყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

2017 წლის რთველზე ქვეყნის მასშტაბით 130 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფა, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 10%-ით მეტია. ეს პირველი წელი იყო, როდესაც სახელმწიფოს ყურძნის შესყიდვა არ მოუწია, ვინაიდან კერძო სექტორმა მთელი მოსავალი აითვისა.

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა, რაჭა-ლეჩხუმში — 5,5 მილიონი ლარი.

საქართველოს სხვა რეგიონის მევენახეებმაც დიდი შემოსავლები მიიღეს.

„ასევე, რეკორდული წელი იყო ექსპორტის კუთხითაც — 70 მლნ ბოთლს გადააჭარბა ღვინის ექსპორტმა, რაც პრაქტიკულად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. დამეთანხმებით, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ძალიან სერიოზული წყარო. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ეს კიდევ არ არის პიკი და, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს ველით მომავალში“, — დასასრულს განაცხადა კვირიკაშვილმა.

ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი, სადაც მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში ექსპორტირებულია დაახლოებით 43,9 მლნ ბოთლი ღვინო.

შემდეგ მოდის უკრაინა და ჩინეთი.

ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნების, აზიისა და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობის შედეგია.

ყველაზე პოპულარული საექსპორტო ღვინო ნახევრადტკბილი „ქინძმარაულია“. ასევე პოპულარულია წითელი მშრალი „მუკუზანი“, თეთრი მშრალი „წინანდალი“, წითელი ნახევრადტკბილი „ახაშენი“ და წითელი ნახევრადტკბილი „ხვანჭკარა“.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები